пятница, 13 февраля 2015 г.



სახე და თავისუფლება

როცა ბევრი დრო და ცოტა საზრუნავი მქონდა, ადამიანების თავშეყრის ადგილებში ყოფნა და მათზე დაკვირვება მიყვარდა. ყველაზე კარგი ადგილი ამისათვის ავტობუსია, „უძაანკარგესი“(როგორც სვეცკები იყვიან) კი-მეტრო.

მე მიყვარს მეტრო. თითქოს მეტროს ბაქანზე შენი ცხოვრების ვაგონს ელოდები, მერე ის მოდის, შენ ჯდები ან დგები(როგორც მოგიწევს) და ითიშები შენთვის სასურველ სადგურამდე... ეს დიდი ხნის წინ შევამჩნიე, როცა დედაქალაქში პირველად მარტოდ-მარტო ჩამოსულმა მეტროთი ვიმგზავრე.ვიმგზავრე, მაგრამ ვერ გავითიშე, შემეშინდა, ჩემი სადგური არ გამომრჩენოდა. დაძაბულმა მივიხედ-მოვიხედე და ირგვლივ ცხოვრების ჩამრთველიდან ამორთული უამრავი სახე დავინახე. სახეები დაძაბული, მაგრამ უემოციო. უბრალოდ, მართალი სახეები. და მივხვდი, კარგი ადგილია მეტრო დაკვირვებისთვის.

მას შემდეგ ავტობუსით ან მინი-ბუსით მგზავრობას, მეტროს ვარჩევ. იქ ყოველთვის არის მასალა ფანტაზიისთვის. დაკვირვება იწყება ესკალატორიდან.ესკალატორზე ვაგონებიდან გამოსულ სახეებს უბრუნდებათ მგრძნობელობა და ემოცია. ადამიანთა ფილტვებში მიწისქვეშა ჰაერის მიწისზედათი ჩანაცვლება დაძაბულობას მატებს სახეებს. ნელ-ნელაქრება სიმართლე და ისევ ის ძველი მოთხრობა გრძელდება, თავად რომ დაწერეს და დაიჯერეს...

ქვევით კი სულ სხვაა.

მეტროშია თავისუფლება.

იქ ყველა იმდენად ერთგვაროვანი და ამასთანავე იმდენად ინდივიდუალურია, იშლება ზღვარი. მეც ვთავისუფლდები.ვთავისუფლდები სტერეოტიპეპისგან და კომპლექსებისგან, ვრთავ ფანtაზიას და მივყვები...

ფანტაზიაშია თავისუფლება!

აქ ადამიანები არ ფიქრობენ, როგორ გამოიყურებიან. არ არიან დაზაფრული შიშისგან!არ არიან დაძაბული, მაგალითად, როგორც გადასასვლელზე გადასვლისას... აქ,ამ ჩაკეტილ ვაგონში, რომელიც გარკვეული მიმართულებით და გარკვეული სიჩქარით მიჰქრის,არ ემუქრებათ მოსახვევიდან გამოვარდნილი მანქანა... დიდი-დიდი,ვინმე მათხოვრის მუდარამ: „დამეხმარეეეთ,დამეხმარეეე“, დაარღვიოს რელსების ხმაურის იდეალური სიმშვიდე.

ისინი აქ მყუდროდ არიან და არცერთ სადგურში რომ აღარ გაჩერდეს ვაგონი, შეიძლება ვერც შეამჩნიონ თუ არ იქნება ხმა: „შემდეგი გაჩერება: სადგურის მოედანი“...

მათი სახეები მართალია და ეს სახეები მიამბობენ მათზე. მათ უფლება მომცეს, ფანტაზიის თავისუფლებაში ერთად გავიდეთ. მერე ვითვალისწინებ დეტალებს: ღრმა დეკოლტე, ლოცვანის კითხვა, ბაზრის კუბოკრული ჩანთა, წითელი პომადა,კისერში ჩაფენილი ცხვირსახოცი, უცნაური სამკაულები, პრომო-ბუშტები.... ეს მხოლოდ აქსესუარებია, ადამიანების სხეულის ყველაზე სრულყოფილ ნაწილის-სახის!

იქ, ქვევით, მეტროს ვაგონებს დაჰყვება ნამდვილი ცხოვრება,ხოლო მიწის ზევით მოგონილი ამბები დადიან. ნამდვილ დარდსაც იქ შეხვდებით, ნამდვილ ბედნიერებასაც,ნამდვილ ტკივილსაც, სიყვარულს, შიშს, ცრემლს, შიმშილს, სიკვდილს და დაბადებას. იქ ყველაფერი ნამდვილია, ზევით კი ვიწყებთ შელამაზებას, იმიჯზე ზრუნვას. ვალამაზებთ ყველაფერს.

ეს დროის და მარკეტინგის მოთხოვნაა. სხვანაირად ვერ გავიყიდებით. სხვანაირად არ გვიყიდიან. ბედნიერებას უფრო ბედნიერს ვხდით. უბედურებას უფრო უბედურს.ტრაგედიას უფრო ტრაგიკულს, სილამაზეს უფრო ლამაზს და იკარგება, ძირითადი-სინამდვილე.

არადა,სიმართლეშია თავისუფლება!





Комментариев нет:

Отправить комментарий