пятница, 13 февраля 2015 г.


   მოვუსმინოთ შვილებს



 

მსმენელი ვარ და არა-მუსიკოსი. არც სმენა მაქვს და არც ხმა. ამის დაჯერება ჩემს ცხონებულ ბებოს არ უნდოდა, ამიტომაც „ოჯახური საბჭოს“  გადაწყვეტილებით, მესამე კლასში ფორტეპიანზე მიმიყვანეს. მანამდე, ცეკვაზე სიარულის მცდელობა მქონდა. ვგრძნობდი, ცეკვა ჩემი იყო, მე-მისი. მამა ერთი თვის მანძილზე მაკვირდებოდა ჩუმად და ბოლოს დედას უთხრა: „გამოვიყვანოთ ცეკვიდან, თორემ ამისგან არაფერი არ გამოვა“. ცოდვა გამხელილი სჯობს, მეტი მართლა აღარაფერი მაინტერესებდა. გამომიყვანეს და მუსიკაზე შემიყვანეს. შემიყვანეს და დაიწყო ჩემი ტანჯვა-წამება. შვიდი წელი ვიწამე.ყოველი გაკვეთილი ჩემთვის სტრესი იყო, მხოლოდ მუს-ლიტერატურას ვსწავლობდი სიამოვნებით და ამ საგანში ლიდერი ვიყავი. სადღაც, მეექვსე კლასში, მქონდა მცდელობა თავი დამეღწია ამ კოშმარისთვის,მაგრამ ისევ ბებიაჩემმა იმარჯვა.  თუ შვისწლედს დაამთავრებ, პენსის ვაგროვებ და  რომის სანახავად გაგიშვებო.  დიდი იყო ცდუნება, ვიფიქრე, ერთ წელს კიდევ გავუძლებ -მეთქი და საკუტარი ნებით გავაგრძელე პატარა ბავშვისთვის საკმაოდ „მძიმე ჯვარის“ თრევა... პარალელურად სკოლაში კარგად ვსწავლობდი, ჟურნალისტიკის წრეზე დავდიოდი(იქ არასოდეს დამზარებია წასვლა, სწორედ  იქ მივხვდი, რომ არქეოლოგი კი არა, ჟურნალისტი უნდა გავმხდარიყავი). ეს სევდიანი ამბავი იმით დასრულდა, რომ მუსიკალური სკოლის შვიდწლედის გამოსაშვებ გამოცდაზე საერთოდ არ მივედი. ეს ცემგან უპასუხისმგებლო საქციელი იყო, რომელიც ბავშვურმა სიამაყემ და, ალბათ, მეამბოხე ხასიათმა ჩამადენინა-მოუმზადებელი გამოსვლა შემრცხვა დამსწრეების წინაშე.

გუშინ ერთ-ერთ ტელე-არხზე პატარ ვიდეო რგოლი ვნახე სლოგანით: „ნუ წაართმევთ ბავშვებს ვავშვობას“. და ჩემი ბედნიერი, მაგრამ მუსიკის გაკვეთილებით ცამწარებული ბავშვობა გამახსენდა. დავფიქრდი, მე როგორი მშობელი ვარ? ჯერ ჩემი შვილები პატარები არიან, სხვადასხვა წრეებზე სატარებლად. მაგრამ მომავალი წლიდან, მგეგმავ  მარი ხატვაზე და ინგლისურზე შევიყვანო. ჩემს მეუღლეს ახლავე სურს ოთხი წლის გაბრიელის რაგბზე შეყვანა! ე.ი. ჩვენც ჩვენი მშობლებივით და უამრავი მშობელივით მშობლები გამოვდივართ! არცერთ არ გვიკითხავს- შვილო, ეს შენ გინდა?  
ყველა ბავშვი ნიჭიერია,- მე ამის მჯერა! მაგრამ ყველა ვუნდერკინდი ვერ იქნება!მერე რა, თუ მათ ამის პოტენციალი არ აქვთ, სამაგიეროდ ჩვენ გვაქვს სურვილი შევჩხიროდ ისინი„ მარად ყველგან ყველაფერში“. სურვილი (და არა მიზანი) ხომ ჩვენს ქვეყანაში საშუალებას ამართლებს. სურვილი გვაქვს, ისინი დიდი ფეხბურთელები, პოეტები, ფერმწერები, მოქანდაკეები, მსახიობები, მომღერლები იყვნენ. სურვილი კი მიზანი არაა, რადგან მათი პროფესია მათი მიზანი უნდა იყოს და არა ჩვენი სურვილი. 
ადრეც მინახავს და ახლაც ხშირად ვხედავ, როგორ დაატარებენ დედები შვილებს ერთდროულად სამ-ხუთ წრეზე. ამასწინათ, ერთი ძალიან საინტერესო მშობელიც ვნახე, რომელმაც ამაყად გამომიცხადა, რომ მის შვილს მომავალს სწორხაზოვნად უგეგმავს.„აბა, გაბედოს და სხვა გზით წავიდეს. მე მას ყველაფერს დავუგეგმავ. ისიც ჩვენსავით იურისტი უნდა იყოს და მოსამართლე უნდა გამოვიდეს. პროკურორების და მოსამართლეების წრეში უნდა იტრიალოს. ოთხი წლისაა და უკვე ინგლისურზე დამყავს(ბავშვი ქართულად ვერ ლაპარაკომდა გამართულად). მოკლედ, როგორც მე ვიტყვი, ყველაფერი ისე იქნება“.
-კი მაგრამ, იქნებ არ უნდა შენ შვილს მოსამართლეობა და მწერლობა უნდა ან მუსიკოსობა,-შევეკითხე მორიდებულად.
-მაგას ვინ კითხავს? სად გინახავს შენ მწერლობით ან მუსიკოსობით შეძლებულად ცხოვრობდეს ვინმე?
-როგორ არა, მადონა, თუნდაც...
- კაი ერთი.-და მოკვდა სიცილით.
როდესმე ჩვენთანაც იცხოვრებენ მწერლობით და მუსიკოსობით, მეეზოვეობითაც,ადამიანურად.

ჩვენ ჩვენს ბავშვებს არჩევანის უფლებას ვუსპობთ და შემდეგ გვინდა, მოაზროვნე ადამიანებად გაიზარდონ. არჩევანის უფლების წართმევა და ბავშვისთვის თქვენთვის სასურველი მიმართულების მიცემა სხვა არაფერია, თუ არა ფსიქოლოგიური ძალადობა. ის პატარაა და ვერ გვეწინააღმდეგება. ფსიქოლოგიური ძალადობის ამ ფორმას მე ინტელექტუაალურ ძალადობას დავარქმევდი.
როგორც სპეციალისტები თვლიან, ასაკისთვის შეუფერებელი მოთხოვნების წაყენება ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ-ერთი სახეა: “ძალიან ხშირად უფროსებს ავიწყდებათ, რომ ბავშვი ჯერ პატარაა და არ შეიძლება მას მოვთხოვოთ იგივე, რასაც უფროსი ასაკის ხალხს მოვთხოვდით. ზედმეტად დიდი, ასაკისთვის შეუფერებელი მოთხოვნების წაყენება ბავშვს უყალიბებს დაბალ თვითშეფასებას. ის ფიქრობს, რომ რადგანაც თხოვენ, ალბათ უნდა შეძლოს და რადგანაც ვერ ახერხებს წაყენებული მოთხოვნების შესრულებას, ესე იგი ის არ არის ნიჭიერი, ძლიერი, ჭკვიანი და ა.შ. მუდმივ სტრესში ყოფნით ბავშვები შეიძლება გახდნენ გადამეტებულად მორჩილნი  მშობლების მიმართ და სრულიად დაკარგონ დამოუკიდებლობის შეგრძნება ან პირიქით, შეიძლება მშობლებს ერთ დღესაც აუჯანყდნენ და მთლიანად უარყონ მათი ავტორიტეტი.“
მოდით, დავუგდოთ ყური ჩვენს შვილებს. ვკითხოთ, რა უნდათ მათ. მოვუსმინოთ და ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება. მაგალითად, ჩემს გოგონას ახლა მოშივდა, ხოლო ბიჭს- კომპიუტერი სჭირდება. ამიტომაც ვდგები და მარტო გტოვებთ ამ არცთუ უმნიშვნელო საფიქრალთან... 

Комментариев нет:

Отправить комментарий