вторник, 17 февраля 2015 г.

             მილიარდი ამბოხებული

                    ოღონდ- საქართველოში არა!

ამ კვირაში ყველა ქალი აქციებზე უნდა იყოს! 
ეს კვირა მსოფლიომ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კვირად გამოაცხადა. კონტინენტებზე აღიმართა წარწერა: „ერთი მილიარდი ამბოხებული ძალადობის წინააღმდეგ“.  
როცა ცნობილი აქტივისტი და დრამატურგი ივ ენსელი  ამ კამპანიაზე ფიქრობდა, სურდა სამყაროს ყველა წერტილში ენახა საკუთარი უფლებების დასაცავად გამოსული ათასობით ქალი!
ქართველების ჰობი შეერთებაა. შეერთება მსოფლიოს კონვენციებთან, გლობალურ კამპანიებთან, აქციებთან. ვუერთდებით, ვახდენთ რადიფიცირებას, ვეთანხმებით, ვიზიარებთ, აქციებსაც ვაწყობთ,მაგრამ დემოკრატიის უმთავრესი ღირებულების- ადამიანის უფლებების, ამ შემთხვევაში ქალის უფლებების დაცვა, მაინც არ ან ვერ გამოგვდის! 
რომ გამოგვივიდეს, მარტო მამაკაცების კი არა, ქალის მენტალობაშიც ცლილებები უნდა მოხდეს.
ქალს თავად უნდა  სურდეს საკუთარი უფლებების დაცვა! 
ქალი უნდა აიძულებდეს დანარჩენ სამყაროს პატივი სცენ მის უფლებებს.
ქალი თავად უნდა ამბოხდეს მის მიმართ განხორციელებული ძალადობის წინააღმდეგ!
იმას ვამბობდი, საქართველოც შეუერთდა „ერთ მილიარდ ამბოხებულს“. ქუთაისში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ და „მშვიდობის კორპუსის“ წარმომადგენლებმა გამართეს აქცია, სადაც ლოზუნგების გარდა, მუსიკალური ნომრებითაც დაგმეს ქალთა მიმართ ძალადობა. ამ ორ ორგანიზაციას სხვებიც შეუერთდნენ და NGO  სექტორმა ქალთა მიმართ ძალადობა გააპროტესტა,
 ზუგდიდშიც არასამთავრობო სექტორი შეიკრიბა, იქაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინიციატივით. ზუგდიდის აქციაზე კიდევ უფრო ცოტა ხალხი იყო, ვიდრე ქუთაისში.
თბილისში კი „იდენტობამ“ ქუჩის პერფომანსი მოაწყო და, როგორც კომენტარებში,განაცხადეს:„ფლეშ-მობით დაგმეს ქალთა მიმართ ძალადობა და აჩვენეს ყველას,რომ ქალი საკმაოდ ძლიერია.“
უბრალო შეკითხვა: რამდენი ქალი იყო თბილისის, ქუთაისის და ზუგდიდის აქციაზე?
არ ვგულისხმობ, კამპანიის ორგანიზატორებს, ვგულისხმობ უბრალო, რიგით ქალებს...
რამდენმა ქალმა გადადო  ცოცხი და აქციაზე მივდივარო, სახლის კარი გაიჯახუნა?
რამდენმა, გამორთო სამუშაო კომპიუტერი?
რამდენმა შეწყვიტა გაკვეთილი და „ამბოხებულებს“ შეუერთდა?
რომელმა ქალმა-ექიმმა უთხრა მასთან მისულ პაციენტს: „ახლა კი, ერთად წავიდეთ ქალთა მიმართ ძალადობის გასაპროტესტებლად“
ქალებმა, ამ გლობალური აქციის შესახებ, ჩემსავით, ტელევიზორიდან გაიგეს... მაგრამ უმეტესობამ(ჩემგან განსხვავებით) მოისმინა და დაივიწყა.
აქციაზე არ იყვნენ ისინი, ვისთვისაც ეს კამპანია დაიგეგმა. 
აქციაზე არ იყვნენ უბრალო ქალები.
არ მივედით, რადგან გასულ წელს მოკლული 23 ქართველი ქალი დაგვავიწყდა.
ეს სტატისტიკა არაა, ეს ფაქტია.
ჩემთვის სტატისტიკა ვიღაცის მიერ დათვლილი „საეჭვო“ მონაცემია და, ვიცი, იგი არასოდეს არის ზუსტი. სტატისტიკა, უბრალოდ, შთაბეჭდილებას ქმნის პრობლემაზე, რომელიც უფრო მწვავეა, ვიდრე გაჩვენებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 2014 წლის იანვრიდან ივნისამდე ოჯახში ფსიქოლოგიური ძალადობის 122 ფაქტი დაფიქსირდა. ფიზიკური ძალადობის - 77, ეკონომიკური - 12, იძულება - 19, სექსუალური - 1 და სხვა- 1.
2007 დან 2014 წლამდე  ძალადობის მსხვერპლი გახდა 1010 ქალი.
მსხვერპლ ქალბატონების ასაკობრივი ზღვარი 25-44 წლის შუალედში. ოჯახური ძალადობის სახეებიდან საქართველოში ჭარბობს ფიზიკური (47,2%) და ფსიქოლოგიური ძალადობა (42,8%), ხოლო დანარჩენ ოჯახურ ძალადობებზე მთლიანად მოდის- 10%. 
ერთმა კახელმა გოგონამ ლალი გ.-მ თავისი ისტორია მიამბო:
„ორსულს მცემდა, წიხლებით მდგებოდა. ბოლოს სკამი გადამამტვრია და გავითიშე. საავადმყოფოში ვიწექი. მერე ნერვული შეტევა მქონდა და დიაზეპამებს მიკეთებდნენ. ვერ ვინძრევი, თვალებს ვერ ვახელ, მაგრამ მესმის. დედა, რა ქენი, ორი დიაზეპამი გაუკეთე, ქალო? რო მოკვდეს?-ჩემი ქმარი დედამის ეჩხუბება.
-მოკვდება და დავკლავთ ერთ ბოჩოლას და ის იქნება-დედამთილმა უპასუხა“
ქალების პრობლემაც ეს არის-არასოლიდარულობა!
სანამ მოქნეული სკამის სიმძიმეს საკუთარ თავზე არ ვიგრძნობთ, მანამდე მსხვერპლს დავცინით და ჯალათს  ვუთანაგრძნობთ. მაგრამ მერე მაინც არ გავალთ  და არ გავაპროტესტებთ. მე ვიცი, არც ლალი მივიდოდა იმ აქციაზე,ის მეუღლეს დაშორდა, მაგრამ ქორწინების ბეჭედს ვერ იხსნის! ესეც პრობლემაა- არასოლიდარულობა საკუთარი თავის მიმართ.
ამ სტატისტიკის მიხედვით, საქართველო საპროტესტო აქციებს უნდა წაელეკა.
„ამბოხებული ქალები“ უნდა ყოფილიყვნენ ყველგან: კანცელარიასთან, პარლამენტთან, უნივერსიტეტებთან, საავადმყოფოებთან,მეტროსადგურებთან...
ქალბატონებო!
ჩვენ არ ვიცით და არ გვიყვარს ჩვენი უფლებები, იმიტომ რომ არ გვიყვარს თავისუფლება!
ვერავინ დაიცავს ჩვენ უფლებებს, ჩვენ თვავად უნდა გავაკეთოთ ეს!
ჩვენზე იძალადებენ მანამ, ვიდრე ჩვენ მივცემთ ამის უფლებას!
მოდით, ვიყოთ უფრო მეტად „პრო-ქალურები“!






Комментариев нет:

Отправить комментарий