вторник, 17 февраля 2015 г.

ბლოგი-ლექსი: 



სისხლიანი თავისუფლება

დილით,
ვიდრე ჩვენს შვილებს ეძინა,
ხელის გულზე მაკოცე
და ჩუმად მითხარი:
ძნელია შენთან...
მე გიპასუხე წარბის აწევით:
იცოდე, რომ გიჩივლებ...ღმერთთან!
აბა,შენთან არ არის ძნელი?!-
ყველაფრის მთბენი
ამომხედე შენი თვალებით.
ორთავემ ერთად გავიფიქრეთ:
შეიძლება გამარტივებაც...
ყველაზე დიდი სიმარტივე
არის სიკვდილში.
გუშინ სწორედ სიკვდილით
შეიმსუბუქეს
მძიმე უღელი ამა დროის ადამ და ევამ,
დამღალა ამის ვაშლის დევამ-
ბრძანა ადამმა,
კავშირის ძაფი თავის თეთრი კბილებით გაღრღნა,
გვამი აიღო და შვილების სულებში ჩაფლა...
სამარე იყო თოთო და ღრმა,
სამარადჟამო,
დედასთან ერთად დაიტია მთელი სამყარო
,მამამ შვილები გამოიბა გვამის საბელით
და რატომ გიკვირთ,
კაენმა რომ მოკლა აბელი?!
ერთად ძნელია?
გაიხსენე ყველაფერი
,რაც გემეტება გასახსენებლად:
თუნდაც პირველი ამოსუნთქვა საერთო ჭერქვეშ,
თუნდაც შვილის პირველი კბილი,
მისი თითები ჭყინტი და თბილი,
მერე პირველი დაგვიანება
და
ფანჯარასთან გატარებული მტირალი ღამე...
ვერ დავიჯერებ, არ იყოს რამე...
ვერშესალევი.
თუ სისხამ დილით,
როცა შვილებს მშვიდად სძინავთ,
ვერ აკოცებთ ხელისგულებზე,
და ერთმანეთში აირევა ბრაზი და ვნება.
ნუ წაიყოლებ მის სიცოცხლეს-
შენი არ არის!
არ გაისროლო!
არ გა- ის-რო-ლოოო!
სისხლიანი თავისუფლება!
p.s. ეს ყველა მოკლულ და ძალადობის მსხვერპლ ქალს ეძღვნება

Комментариев нет:

Отправить комментарий