понедельник, 16 марта 2015 г.

როცა შვილები გვზრდიან





უკვე ერთი თვეა ბლოგი მაქვს. 13 მარტს უნდა ამენთო "პაწაწა" სანთელი,-რამე დამეწერა...და უცებ, ტვინის მორიგი შესვენება. იმედია,წუთშესვენებაა და არა დიდი დასვენება,როგორც ადრე, სკოლებში...
მიზეზი-ჩემი შვილია.ამჯერად,პატარა,ჩემი პატარა....
ის ახლა ავადაა,სიცხე აქვს. ბოლო სამი დღეა არ მიძინია და მის სასთუმალთან ვზივარ. დედა ახლა იქაა საჭირო და არა კომპიუტერთან. 
მშიშარა ადამიანი არ ვარ. ზოგჯერ მგონია, მთებს დავძრავ. შევძლებ,ყველაზე სასტიკ მონსტრებს და ზღაპრულ ურჩხულებს დავუპირისპირდე, ულმობელ ადამიანებს შევებრძოლო, ბოროტება დავამარცხო.მაგრამ არის დრო და ადგილი,სადაც სრულიად უღონო და შეშინებული ვარ. სადაც აუცილებლად მჭირდება ჩემი მეუღლის გამამხნევებელი სიტყვები და მხარზე მოხვეული ხელი.

ეს დრო და ადგილი ჩემი სიცხიანი შვილების სასთუმალია.
ავადმყოფობა, განსაკუთრებით კი შვილის ავადმყოფობა,მაცლის რაციონალურად მსჯელობის უნარს და ტოვებს მხოლოდ ჩემს ემოციურ მხარეს. ბევრჯერ მიფიქრია,მილოცია, შვილების განსაცდელი,მათი სატკივარი მე გადავიტანო.
მე ხომ დიდი ვარ,ისინი- პატარები.
მე ხომ იმდენი გადამიტანია და ვიცი,როგორც უნდა გადავიტანო კიდევ ერთხელ. ვიცი, ყველაფერი,რასაც ისინი გადიან იმუნიტეტია მომავალი,გაცილებით უფრო ძნელი გამოცდებისთვის.მაგრამ მე არ შემიძლია,მშვიდად ვუსმინო მის მძიმე, 39 გრადუსიან სუნთქვას და ვიფიქრო,რომ ესეც გაივლის....
ვიცი,რამე განსაკუთრებულს არ ვწერ,არც ისეთს ვწერ რამეს, სხვა დედას რომ არ გამოუცდია. ამ თემის ხაზგასმა ერთი რამის გამო გადავწყვიტე.
ყველა ქალს,თუნდაც რადიკალ ფემინისტს, სჭირდება ქალად იგრძნოს თავი. სუნამოები,ტუჩსაცხები,მოწესრიგებული თმები ძალიან კარგია და ამ ყველაფრის სინთეზით მიღებული კომპლიმენტი, სასიამოვნო. სრულყოფილ ქალად თავის საგრძნობლად არც ესაა საკმარისი.
მამაკაცი?-ყველა ქალს ვერც მამაკაცი უვსებს არასრულყოფილების განცდას.
კაცებს?- მამაკაცების უმეტესობას ჰგონიათ, რომ კარგი სამსახური, ფული და მანქანა ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია.და თუ იმ ავტოში ლამაზი ქალიც ზის-ე.ი „ცხოვრება მშვენიერია“. ეს ყველაფერი, მათთვის სოციალური სტატუსის განმსაზღვრელი შეიძლება იყოს, მაგრამ სრულყოფილება მატერიალური ფასეულობებით ვერ მიიღწევა.
სრულყოფილს შვილები გვხდიან. შვილებს ეს ყველაზე კარგად გამოსდით.
შვილები,სიყვარულს რომ თავი დავანებოთ, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა ამ ქვეყნად. ბავშვების გაზრდას,უამრავი სიძნელე ახლავს თან.მაგრამ ეს არის, ადამიანური პასუხისმგებლობის გრძნობის ყველაზე დიდი საზომიც.
მარტო დედობაზე არა,საერთოდ, მშობლობაზე ვამბობ.პასუხისმგებლობის გრძნობა ადამიანური თვისებების სრულყოფაში გვეხმარება. პასუხისმგებლობის გრძნობა მაგალითად, გაიძულებს დილით ადრე ადგე,პუნქტუალური იყო.პატივი სცე სხვებს,მათ, ვინც შენ გელოდება და ვიცისთვისაც შენი საქმიანობა მნიშვნელოვანია. პასუხისმგებლობის გრძნობა იძულებულს გხდის, ძალიან კარგად გააკეთო შენი საქმე. პასუხისმგებლობა შუალედურს ვერაფერს იტანს... თუ პიროვნება დამორჩილდება საკუთარ პასუხიმგებლობის გრძნობას,   მისი ადამიანური თვისებები, ჩვევები, სრულყოფილთან მიახლოვებული ხდება.  სრულყოფა კი ქალსაც და კაცსაც ერთნაირად სურს.
ალბათ,ყველას გახსოვთ ფილმი -"რა სურსთ ქალებს?"  და, მე გეტყვით თქვენ, ქალებს სურთ სრულყოფილება! ზუსტად ისევე,როგორც კაცებს.
არ ვამბობ, რომ მშობლობა სრულყოფილებაა. არა, უბრალოდ,მშობლობა არის ყველაზე ძნელი,მაგრამ  ნაცადი გზა სრულყოფილებისაკენ, რადგან მშობლობის გზაზე პასუხისმგებლობა სინდისიერებით იტვირთება.
სწორედ ამიტომ, მშობლობა  უდიდესი პასუხისმგებლობა და კათარზისი ერთდოულადაა. როცა ისინი ჩნდებიან, ცდილობ, მათ განწმენდილი დახვდე. საკუთარი ცოდვებისგან კი არა, საკუთარი ცუდი ჩვევებისგან (თუმცა ერთი მეორეს არ გამორიცხავს). წარმოჩინდე, უფრო უკეთესი, ვიდრე ხარ. გამოჩნდე უფრო ჭკვიანი, ვიდრე შეგიძლია იყო. გახდე უფრო კეთილი, ვიდრე იყავი. დაიმოჩილო მრისხანება და უფრო მეგობრული იმიჯი მოირგო. ერთად გაიაროთ ფეხზე და ერთად გაიზარდოთ.. ისე წაუკითხო „კომბლე“, რომ თითქოს პირველად მასთან ერთად კითხულობ ამ ზრაპარს... მოკლედ, ისე იცხოვრო, რომ მან შენ ცხოვრებაზე ისწავლოს. ისწავლოს სწორხაზოვნად ცხოვრება კი არა, ცხოვრებისეული შედომების ჩადენა, მაგრამ გამოსწორებაც.
მოკლედ, მათი გაჩენის შემდეგ ჩვენ ზრდას განვაგრძობთ. განვაგრძობთ განვითარებას, განათლების მიღებას.ასე ხდება მხოლოდ მაშინ, როცა მშობელს აქვს ასეთი მეტამორფოზების სურვილი.
პირადად, მე მინდა უკეთესი ვიყო და ცოტა ჩემმა შვილებმაც გამზარდონ!
***
ცუდია, როცა სიცხიანი შვილის საწოლთან ზიხარ, როცა პატარა სწუხს და შენ დაძინება არ შეგიძლია... მაგრამ ამ დროს გახსენდება, ხვალ მზიანი დილა გათენდება, ის სიცილით ირბენს ეზოში და თავისი უცნაურობებით დაგიწყებს თავის მოწონებას.ეს გაძლევს ძალას, გადაიტანო მძიმე ღამეები. ხვალინდელი დღის იმედით, ჩნდება სურვილი, შენც შეიცვალო, შეიცვალო უკეთესობისკენ...
ამიტომაც, ნუ დაფიქრდებით, რისი ან ვისი იქნება ბავშვი (ცუდად დავწერე, სხვანაირად არ გამოდის), სინჯარის თუ კოლბის, კანონის თუ უკანონობის, ჯვრიწერის თუ ჯვარდაუწერლობის...მთავარია ისინი გაჩდნენ და გაზრდაში დაგვეხმარონ.

 

Комментариев нет:

Отправить комментарий