пятница, 13 февраля 2015 г.

                 მამა,ჯერ მოდი!

 
მამაჩემი „უმამო ბავშვების“  თაობისა იყო.მას თავისი მამის ფოტოც არ ჰქონდა ნანახი. ეს არც მიკვირდა-ჩვენს უბანში არც ერთ მის თანატოლს მამა არ ჰყავდა და არც ახსოვდა. მათი მამები ომში წავიდნენ. მათი მამები ომმა წაიყვანა და იქაურმა მიწამ მიიბარა.
ჩემი მამა, 50 წლის ასაკშიც  მწარედ განიცდიდა უმამობას. იშვიათად, მაგრამ როცა ამაზე ლაპარაკობდა, ჩემს წინ 8 წლის გულამომჯდარი ბიჭი იდგა.
ომის „სამკუთხა წერილი“ ჩვენს ოჯახში დაგვიანებით, ნაომარზე მოვიდა. მამა უკვე შვიდი წლის იყო. ახსოვდა, ქალებმა რომ შეიცხადეს, ბიძამ და ბიძის მეგობარმა, პატარა ბიჭი სახლს გაარიდეს. ახლაც არის საოჯახო ალბომში იმ დღეს გადაღებული შავ-თეთრი ფოტო: მამას მოკლე შარვალი აცვია და ხელში „მამალო“ უჭირავს. თმა გადახოტრილი აქვს. თავზე უზბეკური ქუდი ახურავს. სახე სევდიანია,თვალები- ცრემლიანი.თითქოს გრძნობს,მის ბავშვურ ცხოვრებაში გარდამტეხი დღე დგას...ეს დღე რომ არა,ალბათ, ისიც მამასავით მხატვარი იქნებოდა...შიმშილი იყო,ნაომარ ქვეყანაში ყველას უჭირდა...და მძღოლი გახდა.
ცოტა გვიან, როცა „უკაცო სახლი“ წავიკითხე, მივხვდი, ეს მამაჩემმის განცდების და გრძნობების მხატვრული გამოსახვა იყო. ეს ყველაფერი მე უკვე მიამბეს, მაგრამ სხვამ (მე მას რას შევედრები) დაწერა. დაწერა სულ სხვა ქვეყანაში.საპირისპირო მხარეს. ომმა ბევრი უმამო ბავშვი დატოვა.
რომელი მხარეც არ უნდა იყოს, ადამიანური გრძნობები -ერთია. განსაკუთრებით ათ წლამდე ასაკის ბავშვების განცდებია ერთნაირი. მამაჩემს გერმანელებმა წაართვეს მამა და მისთვის მტრები ისინი იყვნენ. გერმანელ ბავშვებს საბჭოთა ჯარისკაცებმა მოუკლეს მამები და მტრადაც მათ აღიქვავდნენ.
ომს ყველა ერთნაირად განიცდის.
ომის შედეგი ყველასთვის ერთნაირია!
ომში გამარჯვებული არ არსებობს!
ომი ყველასთვის საშინელებაა!
„უმამო ბავშვების“ თაობა გაიზარდა და მშვიდობიან ცხოვრებაში, „ მყარი ქართული ოჯახის ინსტიტუტის“ დროს იშვა ჩემი თაობა...
სკოლაში, ჩემს ჯგუფში 38 ბავშვიდან მხოლოდ ორს არ  ჰყავდა მამა. ისინი ომში არ დაღუპულან. უბრალოდ, დედ-მამა ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ, მაგრამ მამები ჩვეულებრივად უწევდნენ მამობას შვილებს.ეხმარებოდნენ მატერიალურად, იღებდნენ მონაწილეობას  შვილების აღზრდაში. როგორც დღეს ამბობენ, მეგობრულად ურთიერთობდნენ ყოფილ მეუღლეებთან. არ ელაპარაკებოდნენ ყოფილ ცოლებს, მაგრამ მუდმივად შვილების გვერდით იყვნენ. დანარჩენები „მყარ  ოჯახებში“ ვცხოვრობდით(არ ვამბობ, რომ ყველა ოჯახში იდილია იყო, ალბათ, არა) და არასოდეს, არცერთს არ გვიკვითხავს მათთვის: „მამაშენი მოკვდა?“
ჩემეული სტატისტიკა 36|2-ზე დღეს რადიკალურად შეცვლილია. ერთმა ჩემმა მეგობარმა, როცა ამ პრობლემაზე ვსაუბრობდით, მითხრა: „რა ორი, ჩემი ბიჭის ჯგუფში, მხოლოდ, ორნი ვართ ქმარი რომ გვყავს და ბავშვს მამა მამობას რომ უწევსო“. იმ კლასში 24 ბავშვია.
ამ ბოლო დროს ორჯერ მოვხვდი საავადმყოფოში და ორჯერვე უმცირესობაში. პალატაში ბავშვების უმეტესობას მამა არ ჰყავდა(ჰყავდა, მაგრამ გაღმა). პალატის დედებს შეკითხვაზე, ქმარი თუ გყავსო, შემრცხვა, მაგრამ ვუპასუხე, რომ მყავს ქმარი და სამი შვილი, ჯერ-ჯერობით, ერთი ქმრისაგან...
სწორედ ამ ფაქტებით და საუბრებით მივხვდი, რომ მშვიდობიან ქვეყანაში მასიურად გვყავს „უმამო ბავშვები“. თუმცა სიტუაცია გაცილებით ტრაგიკულია.
მამაჩემის თაობა უმამო იყო, მაგრამ მათთვის მამები გმირები იყვნენ!
ჩემი თაობის „უმამო ბავშვების“ მამებიც ცდილოდნენ „კაცურს მისწოლოდნენ“, ზოგს გამოსდიოდა,ზოგს-არა!
დღეს კი „უმამო ბავშვების“ მამები(, არ ეხება ყველას, რა თქმა უნდა) საკუთარ შვილებს არც ნახულობენ, არც კითხულობენ, ალიმენტზე და ფინანსურ დახმარებაზე აღარაფერს ვამბობ.
მინახავს, როგორ ემუდარებოდა ავადმყოფი ბავშვის დედა ყოფილ მეუღლეს ტელეფონზე:„მომეცი მინდობილობა, ბავშვი საზღვარგარეთ არის წასაყვანი გამოკვვლევებზე. “  ბიჭი ყოველდღე ნატრობდა მამის მოსვლას, მას „რეის სინდრომი“ დაუდგინდა. ერთ დღეს მამა მოვიდა საჩუქრებით და ბიჭი ანათებდა ბედნიერებით. მერე, დედამისმა მითხრა, რომ ფული ყოფილ ქმარს შემოსვლამდე თავად მისცა საჩუქრებისთვის, ბიჭს გული რომ არ დასწყვეტოდა. მამამ ექიმების კონსილიუმთან დალაპარაკების შემდეგ მოიღო მოწყალება და დედას მინდობილობა მისცა...
დღეს მამები მორალური დილემის წინაშე დგანან! ისინი თავისი ქცევით მათივე ყოფნა-არ ყოფნის საკითხს სწყვეტენ.
ახალ ათასწლეულს ღირებულებების ცვლილებები მოსდევს. ახალ ტექნოქნოლოგიებს ცხოვრების მობილური, სწრაფი სტილი.მაგრამ  „უმამო ბავშვების“ მამები თავის ქცევას გარემო პირობებიდან ვერაფერს დააბრალებენ. ეს პრობლემა მათ შინაგანად აქვთ.მხოლოდ, ვერ მივხვდი რატომ? ისინი ხომ „მყარ ქართულ ოჯახებში“ გაიზარდნენ. იქნებ სწორედ ამიტომ?
ისინი ომში არ დაკარგულან, არც დაღუპულან! თუმცა ეს ფაქტიურად ღირებულებათა ომია!
ომი ყველასთვის საშინელებაა!
ომში გამარჯვებული არ არსებობს!
ომის წინააღმდეგ ქმედებაა საჭირო. მე წამოვიწყებდი აქციას:„მამა, წიგნი წამიკითხე“ კი არა,- „ ჯერ მოდი, მამა!“

 

Комментариев нет:

Отправить комментарий