суббота, 14 февраля 2015 г.

მასწავლებელი

 
























ახალი ათასწლეულის მოთხოვნაა, ქალი იყოს აქტიური, ლიდერის უნარებით  და ცვლილებებისადმი
მზა. უმჯობესიათავად განახორციელებდეთ ცვლილებებს:  პროფესიით, ცხოვრების წესით, იდეები და იდეალებით. ხოლო თუ გადაწყვეტილების მიღების პროცესშიც ჩართული ხართ- თქვენ აუცილებლად მოექცევით საზოგადოების ინტერესის ცენტრში და  ოდესმე „ქართულ დემოკრატიაზე“ დაწერილ სამაგიდო წიგნებში. ჟურნალებში, გაზეთებში, ტელევიზიებში. თქვენ იქნებით „იდეების გენერატორი“ და  გარკვეული ფენისთვის შემოსავლის წყარო(ამაში არაფერია ცუდი, პირიქით).
დღეს ასეთ ქალბატონებს სანთლით ეძებენ საქართველოში. დღეს ასეთი ქალბატონების პოვნისა და გაფიარებისთვის გრანტები და კონკურსებია გამოცხედებული და ეს, მხოლოდ და მხოლოდ, ძალიან კარგია...
მეც გადმომიგზავნეს ერთი ასეთი კონკურსი ბლოგერებისთვის. მომენტალურად ამოტივტივდა რამდენიმე კანდიდატი ბლოგ-პოსტისათვის. ამუშავდა ტვინის პარკუჭები: ქალი...ცვლილებები...აქტიური...იდეები და იდეალები... და უცებ. გამახსენდა, ქალი-ჩემი ისტორიის მასწავლებელი. რა თქმა უნდა, მასზე დაწერისთვის ჩვენ(მე და მას) არავინ დაგვაჯილდოვებს. მაგრამ დავწერ.
მთელი ჩემი სიცოცხლის მანძილზე არ მინახავს ქალი, რომელიც მასავით ბევრს აკეთებს ცვლილებებისთვის. ისტორიის, ღირებულებების და თვითშეგნების ცვლილებისთვის. ის ამას ათწლეულების მანძილზე უანგაროდ და თავდადებით აკეთებდა ქუთაისის 22-ე სკოლაში.  მისი ხელმოწერა ყველა მისი მოსწავლის და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე დარჩა.
მას ლია კაცაძე ქვია.
***
22-ე სკოლის მეოთხე სართულის კუთხეში იყო ისტორიის კაბინეტი, სადაც ყველას უხაროდა შესვლა. იქ გვხვდებოდა სათნო, პროფესიონალი პედაგოგი.
ეს იყო ქუთაისის მაშინდელ სინამდვილეში „თავისუფლების ოთახი“, სადაც უბრალო ბავშვები გულანთებულ(არა ურა) პატრიოტებად იქცეოდნენ. არ გადავამეტებ, 80-90-იანი წლების 22-ე სკოლის უფროსკლასელებს ეროვნება მშობლებმა მისცა, ქართველებად კი ლია მასწავლებელმა გაზარდა.
80-იანი, საბჭოური წლები იდგა. იმპერია ჯერ კიდევ შიშით აზანზარებდა მსოფლიოს, მასწავლებელი-ერთი ტანმორჩილი, მაგრამ ძლიერი ქალი, პატარა საკლასო ოთახში თავისუფლების, დამოუკიდებლობის იდეებით კვებავდა მოსწავლეებს. მაშინ გავიგეთ პირველად სიტყვა დემოკრატია,-ეს იმ გაკვეთილზე მოხდა, 1921 წელზე და საქართველოს დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკის ტრაგიკულ ისტორიაზე რომ გვესაუბრებოდა.
ის ცვლილებებზე ზრუნავდა: ნელ-ნელა და თანმიმდევრობით ახდენდა ცვლილებებს თაობების ცნობიერებასა და თვითშეგნებაში. ეს ხდებოდა ყოველთვის სხვადასხვაგვარად: 8 თებერვალს, დავითობაზე გაუთოვლავი  გზის გაკვლევით და ისტორიაზე საუბრით.  ექსკურსიებით ვარძიაში, შემდეგ აფნიასა და გოგაშნიდან მოწვეული ბავშვების მასპინძლობით. თემისა და პიროვნების თემაზე კამათით და დარწმუნებით, რომ პიროვნება, მისი თავისუფლება უპირველესი ღირებულებაა. დამეთანხმებით, ადამიანთა ცნობიერებაში, განათლებასა  ღირებულებებში ცვლილების გარეშე, თითქმის შეუძლებელია მისი ცხოვრების შეცვლა.
„თავისუფკების ოთახში“ გავიგეთ მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას სახელები, მათი ლექსებიც იქ წავიკითხეთ... ისინი მეგობრები იყვნენ. გამსახურდია და კოსტავა ქუთაისში ყოფნისას ყოველთვის სტუმრობდნენ ჩვენ მასწავლებელს. ლია კაცაძე კი იმდენად ადამიანურ დეტალებს გვიამბობდა მათზე, როცა საქართველომ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, პრეზიდენტად ზვიად გამსახურდია აირჩია, მეგონა ბიძაჩემი მოვიდა ხელისუფლებაში. რა თქმა უნდა, დღევანდელი სტანდარტებით პედაგოგებისთვის „იდეოლოგიური საუბრები“ მიუღებელი და აკრძალულია, მაგრამ მაშინ აუცილებელი და საჭირო იყო. მხოლოდ ასე ვთავისუფლდებოდით „საიუზ ნე რუშიმის“ მოჯადოებული ჯაჭვისაგან...
მერე იყო 9 აპრილი... ქუთაისში, 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან წლების მანძილზე ჭირისუფლად იდგა და სამძიმარს იღებდა ჩემი მაწავლებელი.
როცა, მერბ კოსტავა დაიღუპა, ქუთაისის 22-ე სკოლის მოსწავლეებმა პირველად და სამუდამოდ მოიხსნეს წითელი ყელსახვევები. ეს არა „საშინელი და საშიში“ პოლიტიზება, არამედ  პიროვნული თავისუფლების გამოხატვა  და სოლიდარობის ბავშვური აქტი იყო. თანაც ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცოდით საქართველოს ისტორია ანუ პედაგოგი თავის ძირითად ვალდებულებას პირნათლად ასრულებდა.
1990 წელს ჩატარებულ არჩევნებში კომუნისტური პარტია დამარცხდა და ჩვენმა მასწავლებელმაც პოლიტიკურ-დისიდენტური საქმიანობა უზენაეს საბჭოში განაგრძო. ის ჩართული იყო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, როგორც აქტიური პოლიტიკოსი ქალი. მისი ხელმოწერაა 1991 წლის 31 მარტის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე, ყველაზე მნიშვნელოვან დოკუმენტზე დემოკრატიული საქართველოსთვის.
სამოქალაქო ომმა,  „პუტჩმა“ და საქართველოს ეროვნული მთავრობის დევნილობამ, ჩემი მასწავლებელიც დევნილად აქცია. მას აუკრძალეს სკოლაში პედაგოგიური მოღვაწეობა და ძალიან დიდხანს შინაპატიმრობაში ამყოფეს. მასზე ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა ხელისუფლების მხრიდან, ხდებოდა მისი სახელის დისკრედიტაცია და მისი თანამოაზრეების დევნა.
„თავისუფლების და საოცრებათა “ ოთახი სკოლაში სხვა მასაწავლებლებმა დაიჭირეს: ისინი სასწავლო სტანდარტებში ჯდებოდნენ და, შესაბამისად, ხელისუფლების გემოვნებაშიც...
რამდენიმე წლის წინ,  „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოაცხადა გრანტი, რომელიც ქალთა ზეპირი ისტორიების მოძიებას და შეგროვებას აფინანსებდა. მორიდებით შევეხმიანე მასწავლებელს და ვთხოვე უფლება, მისი ამბავი ჩაგვეწერა. მორიდებით, უარით მიპასუხა:„ამ ქვეყანაში ვის აინტერესებს ჩემი ისტორიაო...“
მე მაინც მინდოდა დამეწერა.ამჯერად, ნებართვა არ მითხოვია. დავწერე ის, რაც მე ვიცოდი...მან კი იმდენი რამე იცის!
დავწერე, რადგან ის ისტორიის მასწავლებელი კი არა, თავადაა ისტორია...


 

Комментариев нет:

Отправить комментарий