четверг, 19 февраля 2015 г.

მოდა, კომერცია და სოლიდარობა

ჩემი და მოდის ინდუსტრიის კანონმდებელთა კრიტერიუმები, ერთმანეთისაგან განსხვავდებოდეს, უცნაურიც არაფერია.მიკვირს (ადრეც მიკვირდა), პოდიუმებზე მხოლოდ მაღალი და გამხდარი ქალები რომ დადიოდნენ.  ეს არ არის 1,62 -იანი ქალის სიმაღლის ნაკლებობით გამოწვეული არასრულფასოვნების კომპლექსი.
ეს უფრო პროტესტია.
 
 
ჩემისთანა „საშუალო სტატისტიკური“ ქალბატონები, ქალბატონები, რომლებსაც რაღაც არა გვაქვს:სიმაღლე, ხელი, ფეხი, ვერ დავდივართ, ვერ ვხედავთ, ზოგს არ გვესმის და ვერ ვსაუბრობთ. რომელიმე ორგანოს ნაკლოვანებას პროთეზი გვივსებს ან  ეტლით გადავადგილდებით.მოკლედ, ქალბატონები, რომლებიც, ცოტა ან ბევრად, განვსხვავდებით საერთო მასისგან, ზოგადი მოდური ტენდენციებით უნდა დავკმაყოფილდეთ: ფერი, სიგრძე, სიგანე...ხოლო, „ჯადოსნური კაბები“ პოდიუმიდან  მხოლოდ „ჯადოსნური გოგონებისთვისაა“. ასე ადმიანებმა დაგვყვეს და სახელებიც დაგვარქვეს: მაღლები და დაბლები, გამხდრები და მსუქნები, უნარიანები და უნარშეზღუდულები(მე მომიტევეთ, ვციტირებ).
სამოდელო ბიზნესში, წარმატებისკენ მიმავალ გზაზე, შეზღუდვები არ არსებობს. მაგრამ არსებობს ერთი დაუწერელი კანონი: მოდელი უნდა წარმოაჩენდეს კოსტიუმის ხასიათს და არა პირიქით.  ეს ჩვენების დროს,თორემ ცოცხალ ბაზარზე ყველა თავისი ხასიათის მიხედვით ირჩევს ტანისამოსს და ნიღაბს.
ჩვენისთანა ქალბატონებს (დიახ, ჩვენ ერთნაირები ვართ) კაბისთვის ხასიათის მიცემა არ შეგვიძლია. არც კაბას შეუძლია ჩვენი ხასიათის და ისტორიის დამალვა...
ამიტომაც არ ვართ პოდიუმებზე და ამაზე გულიც არ გვწყდება!
მოდის ინდუსტრიაში ცნობილი რომ გახდე, მისაღებია ყველანაირი მასალა და ყველა ხერხი.თუ ცნობილი, მოთხოვნადი და თანამედროვე ხარ,ე.ი. უკვე მოდური ტრენდი ხარ! გაქვს ბევრი ფული და გავლენა ადამიანების ძალიან დიდ ჯგუფებზე.ისინი გეთაყვანებიან და გაფაციცებით ელოდებიან, რას „უკარნახებ“, მაგალითად, ამ წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე.
მოდაც პოლიტიკაა თავისებურად: ზემოქმედება მასებზე და არჩევანის შენზე გაკეთების ხელოვნება. ამ დროს, ძნელია, არ დაგეუფლოს ყოვლისშემძლეობის განცდა.
თუმცა ეს ადრე იყო.
დემოკრატია მსოფლიოს ახალ სტანდარტებს უწესებს. ახალმა წესებმა ყველაფერი ერთმანეთზე დამოკიდებული გახადა. წარმატება პოლიტიკასა და ბიზნესში იმაზეა დამოკიდებული, რამდენად უწევ ანგარიშს დემოკრატიის უმთავრეს ღირებულებას-ადამიანს. იყო ტოლერანტული და, ამასთანავე, მოგებაზე ორიენტირებული, ერთმანეთს სრულებით არ გამორიცხავს.
დემოკრატიულმა მიდგომებმა ჩვენისთანა ქალები უკვე „ნორმებში“ ჩაგვსვა და ჩვენი შესაძლებლობებიც აღიარეს. სლოგანი „შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს “, ჰუმანიზმის ქადაგებაა და მსოფლიოს უკეთესობისკენ შეცვლის სურვილი.
დემოკრატიულ ქვეყნებში დისკრიმინაციის შემცველ სიტყვას და ქცევას,შეუძლია კარიერის და ბიზნესის ფიასკო გამოიწვიოს.
ბიზნესის სამყაროში ჭკვიანმა ადამიანებმა მალე აუღეს ალღო სიტუაციას: სოლიდარობა დისკრიმინაციის წინააღმდეგ. სოლიდარობა არა მხოლოდ ვალდებულება ან შინაგანი განწყობა შეიძლება იყოს. სწორმა მარკეტინგულმა კამპანიამ იგი მოდური და მომგებიანიც შეიძლება გახადოს.
ამ ბოლო დროს ტელე-სიცვრცეში(საქართველოს არ ვგულისხმობ) უამრავი სოციალური რეკლამა გამოჩნდა, რომლებიც ჩვენი მსგავსი ქალბატონების მიმართ სოლიდარულს გხდიან და გარწმუნებენ, რომ ჩვენ არაფრით განვსხვავდებით ერთმანეთისაგან. და თუ მაინც ფიქრობთ, რომ განვსხვავდებით, -ეს სტერეოტიპებია.
ასეთი  პროექტები მსოფლიოს უდიდესი ფირმებისა და კომპანიების ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
ახალ დებულებებს ვერც მოდის სამყარომ აუარა გვერდი. გასულ კვირას, ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ფარგლებში გამართული, დიზაინერ ანტონიო ურზის ჩვენებაც ამის  დასტურია. პოდიუმზე შეზღუდული შესაძლებლობების მოდელები იდგნენ.
მოდის კრიტიკოსები და ჟურნალისტები წერდნენ, რომ ეს იყო კიდევ ერთი სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი მოდის სამყაროში. ხოლო, მე დავამატებ, რომ ეს არის არამარტო მორალური ჟესტი, არამედ ჭკვიანური კომერციული გათვლა.
მოდის „დაუწერელი კანონი“, მხოლოდ გამხდარ და მაღალ ქალებს შეუძლიათ ადამიანებამდე კოსტიუმის ხასიათის მიტანა, დაირღვა. აღმოჩნდა, რომ ეს არანაკლებ კარგად გამოსდით ქალბატონებს, რომლებიც ეტლით გადავადგილდებით ან „დაუნის სინდრომი“ გვაქვს!
ყველა სფეროს წარმომადგენელს უნდა ესმოდეს: ასეთი ფორმით, მარტო ჩვენს შესაძლებლობებს კი არ ესმის ხაზი, არამედ თქვენ შესაძლებლობებსაც.
ამ შანს მხოლოდ დემოკრატია იძლევა.
მან ჯერ მომხმარებლის რანგში აგვიყვანა. გვითხრა, რომ „ჯადოსნური კაბების“ ჩაცმა ჩვენც შეგვიძლია. მერე მოდელებად გვაქცია და პოდიუმზე გავლის შესაძლებლობა მოგვცა...
და, დემოკრატიის გარდა, ადამიანობა.



 

Комментариев нет:

Отправить комментарий