вторник, 17 февраля 2015 г.

„სუნთქვის მინიმუმი“ და დისკრიმინაციული                                    „სამომხმარებლო კალათა“



სიცოცხლე კარგი რამეა! კარგი რამეა და გინდა, კარგად და სწორად გამოიყენო.
არსებობაც არ არის ცუდი. მაგრამ არსებობას, მხოლოდ და მხოლოდ, მაშინ აქვს აზრი თუ ცოცხლობ. ამ ბოლო დროს ხშირად მესმის: „რას ვიზამთ, ვარსებობთ“ და ნაკლებად- ვცოცხლობთ. ორი დღის წინ მეგობარმა მომწერა FB-ზე: „ხან ვცოცხლობ, ხან ვარსებობო“...და ეს იდეაც მაშინ გაჩნდა! 
სახელწოდება გლობალურია, ჩვენი ქვეყნის არსებობის იდენტობისთვის კი ზედგამოჭრილი- საარსებო მინიმუმი! 2015 წლის იანვრის თვეში ქართველების საარსებო მინიმუმი 160,2 ლარით განისაზღვრა. თანხის მცირე რაოდენობა სახელსაც ამცირებს.მოდით, „სუნთქვის მინიმუმი“ დავარქვათ. მივიღებ სხვა ინტერპრეტაციებსაც! 
დამოუკიდებელი ექსპერტები თვლიან, რომ „საარსებო მინიმუმს“ შესაბამისი სახელისუფლებო სტრუქტურები დაბალი კილოკალორაჟით და არასწორი პროპორციებით ანგარიშობენ. რეალურთან ახლოს, მათი კვლევით, 309 ლარი დგას .
„საარსებო მინიმუმი“ 2004 წელში 80,5 ლარი იყო.მისი მატება კარგი ცხოვრების მიზეზით არ ხდება, სიმცირის გამო კი, „ცუდ ცხოვრებაშიც“ ვერაფერში გამოიყენებ. რეალურობას მოკლებული,მხოლოდ დამსაქმებელთა შემაკავებელი რგოლია და დაქირავებულთა ხელფასის მინიმალური ოდენობის კონტროლის სადარაჯოზე დგას. მიუხედავად ამისა, პენსიონერთა უმეტესობას ქვეყანაში „საარსებო მინიმუმზე“ დაბალი- 150 ლარიანი პენსია აქვთ, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის პირთა პენსია, კიდევ უფრო დაბალი,- 100 ლარია. ხელისუფლება ძველიც და ამჟამინდელიც, თავისივე სტანდარტებს და დადგენილ ზღვარს არღვევს.
„საარსებო მინიმუმი“  გრამობით დათვლილი „სამომხმარებლო კალათის“ საფუძველზე დგება. 288 პროდუქტიანი კალათი კი სავსეა არა პროდუქტებით, არამედ ჩვენთვის, „უბრალო მოკვდავთათვის“ სრულიად გაუგებარი  გამოთვლით მიღებული ციფრებით.  საქმის პროფესიონალებისთვის, რა თქმა უნდა, იქ ყველაფერი გასაგებია, ჭამის პროფესიონალებისთვის- გაუგებარი. მაგალითად, ჩემი ნებისმიერი მამაკაცი მეზობლისთვის უცნობია,რომ სახელმწიფომ მათთვის საკმარისად დღეში 60 გრამი შინაური ცხოველის ხორცი მიიჩნია. ეს ინფორმაცია მათთვის „კულტურული შოკის“ ტოლფასი იქნება. თითქმის ყოველდღე მაყალის დადგმა და მწვადის შეწვა, ჩვენს ეზოში უკვე რიტუალია.თუმცა, ეს ჩემს მეზობლებს გაუმართლათ ასე. აქვე მახსენდება შრომისუნარიანი მამაკაცი, რომელმაც ჯიხურში ერთი კილო ქათმის კისერი(2,5 ლ) იყიდა. ვიღაცამ ჰკითხა: ალბათ, კატა გყავთ არა?
-არა, იცით, კისრისგან უგემრიელესი „მუჟუჟი“ გამოდის- უპასუხა კაცმა.
ესე უკვე ცხოვრების ირონიაა: ვიღაცისთვის „ქათმის კისერი“ უგემრიელესი საკვები პროდუქტია, ვიღაცისთვის- კატის საჭმელი.
ქართულ „სამომხმარებლო კალათას“ ბევრი რამ დაეწუნება. პირველ რიგში, როგორც ამბობენ, მისი შედგენის მოძველებული მეთოდოლოგია. მეთოდი განაახლეს, ძირითადი ღერძი კი უცვლელი დარჩა. მაგრამ   „სამომხმარებლო კალათის“ მთავარი ნაკლი მისი დისკრიმინაციულობაა.იგი შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ფიზიოლოგიაზე არის მორგებული და  კვებითი ხარჯები 2300 კალორიაზეა გათვლილი.
რადგან „სამომხმარებლო კალათი“ გლობალური ცნებაა, მისი შედგენის პრაქტიკა, ცხადია, სხვა ქვეყნებშიც არსებობს. ამერიკაში მის ინდექსს არა გენდერის საფუძველზე, არამედ ადამიანის, პიროვნების აღნაგობით ითვლიან. აშშ-ში „სამომხმარებლო კალათის“ შედგენის და კილო-კალორაჟის განმსაზღვრელი ჯანმრთელი, ტანადი ადამიანია.ადამიანი და არა მამაკაცი ან ქალი! ის არც მსუქანი უნდა იყოს და არც მოდელის გარეგნობა უნდა ჰქონდეს. გარდა ამისა, ახალგაზრდების და მოხუცების „სამომხმარებლო კალათაც“ სხვადასხვაგვარია, რადგან ახალგაზრის ფიზიოლოგია მკვეთრად განსხვავდება ხანდაზმულის ორგანიზმისაგან. შეიძლება,ვინმემ, ესეც დისკრიმინაციად ჩათვალოს,მაგრამ სხვადასხვა ასაკში სხვადასხავა  რაოდენობის კალორიებით მომარაგება ადამიანის ორგანიზმის სავალდებულო მოთხოვნაა. ქალსა და კაცს შორის გენდერული განსხვავება ამ შემთხვევაში გამორიცხულია. მოხუცი ქალიც არის და კაციც, ახალგაზრდა- გოგონაც არის და ბიჭიც. ისინი გენდერით კი არ განსხვავდებიან, არამედ ორგანიზმის მდგომარეობით.
ამ დასავლური გამოცდილების გაზიარება არ გვაწყენდა. თუ მთავრობა მოკლე ხანში შრომისუნარიანი მამაკაცის ფაქტორის ჩანაცვლებას გადაწყვეტს, ალტერნატივა შესარჩევი იქნება. მაგალითად, რატომ მამაკაცის ფიზიოლოგია და არა, დავუშვათ, მეძუძური ქალის?!
„მეძუძური ქალის“ ფიზიოლოგიას მორგებული სამომხმარებლო კალათის  უპირატესობები თვალშისაცემია:
  • არადისკრიმინაციულობა- თავად კი ქალია, მაგრამ,შესაძლოა, მომავალ შრომისუნარიან მამაკაცს ზრდის. თანაც კალორიების ასეთი რაოდენობა არავის ტოვებს დისკრიმინირებულს.
  • დღეში, სულ მცირე, 3200-3500 კალორია, რაც 1000 კალორიით მეტია ამჟამინდელ სტანდარტზე.
  • დღეში არა 3-4-ჯერ, არამედ 5-6-ჯერ ჭამა
  • სამომხმარებლო კალათის კალორიულობის გაზრდა, „საარსებო მინიმუმის“ ზედა ზღვარზეც საგრძნობლად იმოქმედებს.
  • ზრასრული მამაკაცისათვის სავალდებულო კილოკალორაჟი (კალათის მიხედვით), ლაქტაციის პერიოდში, ქალისათვის არასაკმარისია. სამაგიეროდ, მეძუძურობის დროს ქალისთვის საჭირო კალორიები საკმარისია ყველა ტიპის მამაკაცისთვის.
მოკლედ „მეძუძური ქალის“ საჭირო კალორიულობით სავსე „სამომხმარებლო კალათი“ “საარსებო მინიმუმს“ სუნთქვითი ფაზიდან სასიცოცხლო ფაზაში გადაიყვანს.

Комментариев нет:

Отправить комментарий