пятница, 27 февраля 2015 г.

ხალათების ანატომია



ერთი წლის წინ საცხოვრებელი ადგილი შევიცვალეთ. ავლაბარში,  თბილისურ ეზოში 
გადმოვბარგდით. მეორე დღეს, კარი რომ გავაღე, პირველად მეზობლის ლურჯზოლიანი აბაზანის ხალათი დავინახე და მხოლოდ მერე გავიგონე სიტყვა- გამარჯობა...
აბაზანის ლურჯ ხალათს ბაცი მწვანე მოჰყვა. ცოტა ხნის შემდეგ, ნაცრისფერ მიწაზე ბრდღვიალა ყვავილებიანი...
თავიდან აბაზანის ხალათი დილის ტუალეტის დროებითი დეტალი მეგონა. ცოტა ხანში მივხვდი, ეზოში აბაზანის ხალათის მოხმარების კულტურას დიდი ისტორია ჰქონდა.ეს  უკვე ტრადიცია იყო.
მესამე დღეს, მაღაზიაში კვერცხის საყიდლად გასულს,გზად სხვადასხვა ხარისხის, ფერისა და ფასონის ხალათები შემხვდნენ. აღმოვაჩინე,  ხალათი უბრალოდ მოხმარების საგანი კი არა, „საკრალური რიტუალის“ რაღაც ნაწილი გახლდათ.
მეოთხე დღეს მეზობლის ოთხი წლის ბავშვიც წითელ აბაზანის ხალათში გამოწყობილი გვესტუმრა. მენიშნა, რიტუალს ყოველთვის ეყოლება მოგვები, ხოლო ტრადიცია უკვდავია.
მომენტალურად გამახსენდა ჩემი აბაზანის ხალათი, რომელიც გაუთხოვარი ქალივით ისე დაბერდა, კაცის კია არა,-ჩემი სიყვარული არ ღირსებია...
აქ კი აბაზანის ხალათი ერთდროულად არის  ყველაზე „გლამურული“ და ყველაზე მოსახერხებელი სამოსი უამრავი,  აბსოლუტურად  განსხვავებული ადამიანისთვის. ეს ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან სქესით, სოციალური სტატუსით, განათლებით, მენტალობით, რელიგიით და ეთნოსით, მაგრამ მათ აერთიანებთ ერთი- აბაზანის ხალათის სიყვარული.
ბავშვობისას დამარიგეს, რაც სხვისი საქმეა, შენი საქმე არ არისო. ეს ყველაფერს ეხებოდა- ცხოვრების წესს, ჩაცმის სტილს, საუბრის მანერას... ხალათების ფეტიშიზმის ამ დოზამ გამაოცა, მაგრამ გამახსენდა, სხვისი არჩევანი ჩემი ცხვირის საქმე არ არის. შევეცადე, ეს ჩვეულებრივად მიმეღო, მაგრამ ვერ მოვისვენე. მაინტერესებდა, რამ შეაყვარათ ასე ხალათი და რამდენიმე ადამიანს არაპირდაპირ ვკითხე კიდეც ეს.
ერთმა მითხრა: „რა არის ამაში საოცარი? კარგად ვგრძნობ თავს და დავდივარ იმით, რაც მომწონს.
მეორემ მითხრა: „ჩემთვის დღესაც შოკია მთელი უბანი აბაზანის ხალათით რომ დადის.“
მესამემ მითხრა: „ახალ რძალს მიკვირდა ოჯახის წევრები ხალათებით რომ დადიოდნენ სახლში, მაგრამ ცოტა ხანში მეც გამიჩნდა სურვილი. კიდევ ცოტა ხანში აღმოვაჩინე, რომ ძალიან კარგია, როცა გათბობა არ არის,გცივა და ამ დროს რაღაც თბილში გაეხვევი.“.. არცერთმა ჩემმა ე.წ. რესპონდენტმა არ იცოდა ხალათის ისტორია და გამოყენების ეტიკეტი.ანუ არ იცნობდნენ მას, რაც მათი ყოველდღიურობის განუყრელი ნაწილი და ფეტიშიზმის საგანი იყო. არც მე მქონდა ინფორმაცია ხალათის წარმოშობაზე. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე,ისტორია მომეძია, იქნებ ასე მაინც ჩავწვდომოდი „ხალათის ანატომიას“. 
 Bathrobes(აბაზანის ხალათი) -ინგლისური სიტყვაა და მისი პირველი ნაწილი- Bath  ჰაეროვან მოსასხამს , ხოლო მეორე ნაწილს- robes, ფრანგული თარგმანი „ქალის კაბას“  ნიშნავს . ხალათს წინაპარი არ ჰყოლია, ხალათი თავისივე თავისგან წარმოიშვა.თუმცა მოდის ისტორიაში მისი კონცეფციით ბევრი რამ შეიქმნა. ხალათი ისტორიულად დატვირთული ტანისამოსია- ქრისტეს კვართიც კი ხალათი იყო თავისებურად. მოსამართლის მანტიაც ხალათია. უბრალოდ, ადამიანებს გვიყვარს სიტყვებისთვის ბევრნაირი შესატყვისის მიცემა. რა თქმა უნდა, სიტყვა კვართში მეტი ღვთიური ძალა იგრძნობა, ვიდრე სიტყვა ხალათში. იაპონური კიმონოც ხალათის ერთ-ერთი სახეობაა და ექიმის სპეციალურ სამოსსაც ექიმის ხალათს ეძახიან, მაგრამ დღეს ხალათის ძირითადი დანიშნულება აბაზანა და პირადი ტუალეტია.
აბაზანის ხალათის კულტურა მე-18 საუკუნეში ევროპაში შეიქმნა, მაგრამ იდეა ევროპელებმა იაპონური კიმონოსგან აიღეს.თავდაპირველად ხალათები მამაკაცურ სამოსად ითვლებოდა, მაგრამ ნელ-ნელა მისი ტარება ქალებმაც დაიწყეს. აბაზანის ხალათი იმ დროს მიიჩნეოდა ერთ-ერთ ყველაზე ინტიმურ, ფართო მასებისთვის დამალულ პირად სამოსად. თუმცა, მოგვიანებით, ხალათი მთლიანად ქალურ გარდერობში „გადაბარგდა“ და ინტიმურობის საბურველიც მეტ-ნაკლებად მოეხსნა. ბალზაკის ნაწარმოებებში, მწერალი ხშირად აღწერს შილიფად ჩაცმულ,ხალათ-მოსხმულ ქალებს. თუმცა „ბალზაკის ქალები“ სახლიდან გარეთ ხალათებით არ გამოდიან, ხალათი მათთვის მხოლოდ „ოთხ კედელს შიდა“ ტანისამოსია.
ქართული სინამდვილეში იყო ხალათის ორგვარი გაგება: „აბაზანის ხალათი“ ქალაქელებისთვის და „ფანელის ხალათი“ რაიონში მცხოვრებლებისთვის.მახსოვს, ჩემს ბავშვობაში, სოფელში მთელი დღის ნაშრომი ქალბატონები, საღაამოობით, როგორ ჩაიცვამდნენ ჭრელა-ჭრულა ხალათებს და ასე მიაშურებდნენ სოფლის „საფიხვნოებს“.
თუ აბაზანის ხალათებს ქალაქელი მამაკაცებიც იცვამდნენ, ქალაქში ახლად ჩამოსულებისთვის ის მიუღებელი იყო. ფრაზა,( ფილმიდან „მზე შემოდგომისა“) -„ცოლს მაგინებს,ჩემი ცოლის ხალათსა მთხოვს“,-აჩვენებს, რომ ქართველი მამაკაცების ნაწილისთვის ხალათი გენდერულ იდენტობასაც განსაზღვრავდა.
ხალათის გამოყენების კონკრეტული ეტიკეტი ვერ მოვიძიე. სამაგიეროდ არის მკაცრად განსაზღვრული წესი, როგორი უნდა იყოს აბაზანის ხალათი- ის უნდა იყოს ფუმფულა, რბილი და მოხერხებული, უმჯობესია პირსახოცის ეფექტით, რომ მისი სწრაფად მოცმის შემდეგ სველი სხეული უცებ და კარგად გამშრალდეს.
თუმცა, 21-ე საუკუნეში „აბაზანის ხალათის“ ეტიკეტი მხოლოდ სააბაზანო ოთახებით აღარ შემოიფარგლება. დიდი ხანია აბაზანის ხალათი მოკრივეებმა რინგზე, ხოლო ჰიპ-ჰოპის მომღერლებმა სცენაზეც  აიტანეს. აღარაფერს ვამბობ, ლედი გაგას ცნობილ „კონუსისებურ,ჭრელ ხალათზე“.
ჩვენს უბანში კი, ზაფხულში ხალათი, ძირითადი ფუნქციის გარდა, სექსუალური აქსესუარია, ხოლო ზამთარში- „თბოიზოლაციის“ საუკეთესო საშუალება. ის აცვიათ მთელი დღის მანძილზე...  გამახსენდა, სხვისი არჩევანი ჩემი არჩევანი არ არის. აქედან-არც ჩემი საქმეა. ჩაიცვით რაც გინდათ, სადაც გინდათ და როგორც გინდათ.  ჩაიცვით მთელი დღის მანძილზე.  ტრაგედია ეს სულაც არ არის. ტრაგედიაა ის, რომ  ადამიანებს აქვთ დრო, მთელი დღე აბაზანის ხალათი   ეცვათ...

Комментариев нет:

Отправить комментарий