воскресенье, 1 марта 2015 г.



 ცხოვრება წითელი ლენტით


დღეს 2015 წლის მესამე თვე -მარტი დაიწყო. მარტო თებერვალში კი საქართველოში აივ-ინფექციის 80 ახალი შემთხვევა დადასტურდა ლაბორატორიულად. დაახლოებით ამდენივე-79 ავადმყოფი 2000-ში მთელი წლის განმავლობაში დადგა აღრიცხვაზე. ამ უხეში შედარებითაც ჩანს, რამდენად მწვავედ დგას ჩვენს ქვეყანაში  აივ-პრობლემა.
აივ-ინფიცირებულები არიან ადამიანები, რომელთა „დათვლა“  სახელმწიფო ჯანდაცვის პოლიტიკის დონეზეა აუცილებებლი. აუცილებებია, არა პაციენტთა, არამედ ინფექციის პროგრესირების, გადადების გზების, მკურნალობის ხარჯების, ლეტალური თუ ახალი შემთხვევების საკონტროლოდ. 
* * *

ის აივ ინფიცირებულია.
მე-ჯანმრთელი.
მას ჰგონია, მისი ავადმყოფობის შესახებ არაფერი ვიცი.
მე პირველ დღესვე გავიგე დიაგნოზი.
მას შეეშინდა, რომ „ხალხი“ განიკვეთდა და დამალა.
მე შემეშინდა, რომ,უბრალოდ, ის აღარ მეყოლებოდა.
მას შეეშინდა, რომ ავადმყოფობას ოჯახის წევრებს, ნათესავებს, მეგობრებს გადასდებდა.
ჩვენ შეგვეშინდა, რომ ის, უბრალოდ, აღარ გვეყოლებოდა.
ის ფრთხილად ეხება ბავშვებს.
მე არასოდეს შემიკავებია თავი მისი ჩახუტების, კოცნის და ხელის ჩამორთმევისაგან.
ჩემს შვილებსაც იგივეს ვასწავლი. როცა გაიზრდებიან და ავუხსნი, რითაა ავად ჩვენი ოჯახის მეგობარი.მინდა, არ შეეშინდეთ. ჰქონდეთ მაქსიმალური ინფორმაცია და იყვნენ თავისუფალი ადამიანები.
თავისუფალი ადამიანი არასოდეს დაუშვებს სხვის, განსაკუთრებით დაავადებული ადამიანის, დისკრიმინაციას და სტიგმატიზირებას.
თავისუფალი ადამიანი კი ინფორმირებულ ადამიანსაც ნიშნავს.
ასე ვცხოვრობთ თითქმის ათი წელია: ჩვენ, ის და შიდსის ვირუსი მის შიგნით...


* * *

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის საიტზე გამოქვეყნებული ოფიციალური ინფორმაციით, 1989 წლიდან დღემდე საქართველოში რეგისტრირებულია აივ-ინფიცირების 4775 შემთხვევა. 3515 მამაკაცი,1260 ქალი, შიდსი განუვითარდა 2935  პაციენტს არვ მკურნალობაზე 2562 პაციენტია, მათ შორის აფხაზეთიდან 314. სამწუხაროდ 991 ადამიანი უკვე გარდაიცვალა.

დაავადების 49,2 % ინექციურ ნარკომანიაზე მოდის, 41,6%-ჰეტეროსექსულურ ,6,1%- კი ჰომოსექსუალურ  კონტაქტზე,1,8-ვერტიკალური გზით,0,5-სისხლის გადასხმით, ხოლო 0,8 %-დაუდგენელია. ანუ რეალურად, მთლიანი მაჩვენებლიდან მხოლოდ 0,8% კონტროლია შეუძლებელი.ყველა სხვა მხრივ პრევენციული ღონისძიებების ჩატარება სრულებით შესაძლებელია.
შიდსის პროფილაქტიკის სახელმწიფო პროგრამაში მოსახლეობის და სამედიცინო პერსონალის ცნობიერების ამაღლებას და ინფორმირებას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. პრინციპში სწორედ,ადამიანების მაქსიმალური ინფორმირებითაა შესაძლებელი, როგორც ინფიცირების შემთხვევების შემცირება, ასევე ინფიცირებულთა დისკრიმინაციისა და სტიგმატიზაციის პროცესის შეჩერებაც.

ძალიან ბევრს საუბრობენ, რომ აივ ინფექცით დაავადებულები საზოგადოებიდან იზოლირებული არიან. რომ „სოციალური სტიგმის“ გამო არ ხდება მათი პიროვნების სრულფასოვანი იდენტობა. ისინი ვერ ახერხებენ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას, თუნდაც იმიტომ, რომ სამსახურის დაწყებისას, შესაბამის უწყებაში წარსადგენი ჯანმრთელობის ცნობა გასცემს მათ „საიდუმლოს“.
* * *

ათ წელია ის ხან ძალიან კარგად არის, ხან ძალიან ცუდად.
ხან იმედით არის აღვსილი, ხანაც დეპრესიის ზღვარზეა.
ზოგჯერ მკურნალობას წყვეტს.
მე კი ვფიქრობ, რომ ეს მისგან  სუიციდის მცდელობაა.
მაგრამ ფაქტია, ის ცოცხალია და, როგორც ყველა ცოცხალ ადამიანს, აქვს ემოციები, გრძნობები, ფიქრები.
ის სტიგმატიზირებული არ არის. არა იმიტომ, რომ მისი ავადმყოფობის შესახებ არავინ იცის. მე მგონია, რომ ძალიან ბევრმა იცის, მაგრამ უბრალოდ, ამაზე არ საუბრობენ. 
ის სტიგმატიზირებული არ არის-,რადგან გვიყვარს!
* * *

ძალიან ბევრს ვფიქრობდი ჩემი აივ-ინფიცირებული მეგობრის ფენომენზე. მის მიმართ ოდნავადაც არ შეცვლილა დამოკიდებულება. სხვებზე არაფერს ვიტყვი, მხოლოდ საკუთარ საქციელს განვაზოგადებ. არავითარი შიში, არავითარი გარიყვა. აივ-ინფექციაზე, მისი გადადების გზებზე და რისკ-ჯგუფებზე ინფორმაციას ვფლობდი,მაგრამ ბუკლეტებში ამოკითხული და გადაცემებში მოსმენილი რეალობისაგან ყოველთვის განსხვავდება. თუმცა არ ვიცოდი, რას გავაკეთებდი „ეს“ ვინმე სხვას, ნაკლებად ახლობელ ადამიანს, რომ დამართნოდა...
მოგვიანებით, პროფესიული შეხება მქონდა ქალბატონთან, რომლის ამბავიც მთელმა საქართველომ იცის. აივ ინფექციით ის და მისი ახალშობილი შვილი , მშობიარობის დროს, ქუთაისის სისხლის ბანკიდან წაღებული სისხლით დაინფიცირდნენ. სასიამოვნოდ გავოცდი საკუთარი თავით, როცა ქალბატონის მიმართ არავითარი ანტიპათია და  დისკრიმინაცია შეპარული აზრი არ გამჩენია. სხვა დამოკიდებულების შემთხვევაში, ალბათ, მისი მოსმენა და მასზე დაწერაც გამიჭირდებოდა. სწორედ, აქ დამეხმარა ინფორმირებულობა აივ-ინფექციის შესახებ.იქ სადაც არ არის სიყვარული, განათლება აწესრიგებს ურთიერთობებს და ცივილიზირებულ ჩარჩოში აქცევს მას.
სახელმწიფოს ვალდებულებაა ინფორმაციულად „იძალადოს“ ადამიანებზე და მოახერხოს პრობლემის პრევენცია ყველა შესაძლებელი, კანონიერი გზით. სახელმწიფო ქუჩაში, სკვერებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში პირდაპირ უნდა გვჩრიდეს რაც შეიძლება მეტ ინფორმაცის. 
დაახლოებით 15 წლის წინ, სამსახურიდან შინ დაბრუნებულმა ნათესავმა ქალმა ჩანთიდან მუჭებით ამოიღო პრეზერვატივები და მეზობლის ბიჭებს ჩამოურიგა. საიდან გაქვს-მეთი, შევეკითხე და მიამბო, რომ რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაციას მის დაწესებულებაში აივ-ინფექციაზე საგანმანათლელო შეხვედრა ჰქონდა და პრეზერვატივები საჩუქრად დაარიგეს.
რატომ დღეს აღარ ხდება ასეთი შეხვედრები?. პრობლემის სიმწვავემ იკლო თუ თავდაცვის საშუალებები გაიაფდა?
ერთი რამ, ნამდვილად შეიძლება ითქვას, საზოგადოების განათლების დონე ამ მხრივ დიდად არ შეცვლილა. 

ყოველწლიურად   „შიდსის პროფილაქტიკის“ კომპონენტის ფარგლებში შემოწმებული 20-22000 ადამიანი მხოლოდ დამდგარი რეალობის სტატისტიკის ნაწილია, რომელიც უფრო შემთხვევების გამოვლენაზე და არა პრევენციაზეა ორიენტირებული. 
საქართველო, 6000 ინფიცირებულით, ერთ-ერთ ყველაზე დაბალი მაჩვენებლის ქვეყნებს განეკუთვნება მსოფლიოში, თუმცა მეორეს მხრივ, საქართველოსავით პატარა ქვეყნისთვის 6000 წარმოუდგენლად დიდი ციფრია. 
პაციენტთა დიდი ნაწილი 29-40 წლისაა. ეს არის საუკეთესო რეპროდუქციული ასაკი და ამ ასაკში დასმული დიაგნოზი  ნიშნავს, ადამიანის არსებობის ძირითადი,- გამრავლების ფუნქციის,  ავტომატურ  მკვლელობას.
ეს სტატისტიკა სახელმწიფოს და ამ თემაზე მომუშავე არასამთავრობო სექტორის სისუსტეა. სისუსტე პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. 

პირადად მე, უკვე დიდი ხანია აღარ მინახავს, ამ თემატიკაზე არცერთი ქართული სოციალური რეკლამა, არცერთი ბუკლეტი ან აბრა...
დამეთანხმებით, პრევენცია გაცილებით იაფია, ვიდრე დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
იმაშიც დამეთანხმებით, რომ ჩინოვნიკების თუ უბრალო ადამიანების ხელისგულზე დაწერილი STOP  სურდოსაც ვერ შეაჩერებს, თუ მასთან( და არა დაავადებულ ადამიანთან) ბრძოლის აუცილებლობა ჩვენს მენტალობაში არ დამკვიდრდება.

ყველა მიზანი მხოლოდ ოცნებაა, თუ მისკენ მიმავალ კონკრეტულ ქმედებებს არ შევიმუშავებთ და განვახორციელებთ.

* * *
ჯერ-ჯერობით, ის ჩვეულებრივად ცხოვრობს მის არაჩვეულებრივ ვირუსთან ერთად.
სახელმწიფო მას უფასო მედიკამენტებით და გეგმიური ანალიზებით ეხმარება.არავითარი სხვა სახის ფინანსური ან მორალური დახმარება მას და მისნაირებს არა აქვთ.

ვისაც მასავით „გაუმართლა“ ჯანმრთელობაში, მაგრამ არ გაუმართლა მეგობრებში, ყველამ გარიყა..მეგობრები დაშორდნენ, ოჯახებმა სახლებიდან გააძევეს. მათ დაავიწყდათ, რომ „გამარჯობით“ პოზიტივი გადადის, შიდსი-არა!

ადამიანები მოუმზადებლები არიან მათთან საურთიერთოდ, რადგან უმეტესობას არც ინფორმაცია აქვს და არც განათლება.

* * *

P.S.წითელი ლენტი გამოხატავს:
სოლიდარობას:

აივ-ინფექციით დაავადებულთა, მათი ოჯახის წევრების და მეგობრების მიმართ.

პროტესტს: 
აივ ინფიცირებულთა და შიდსით დაავადებულთა დისკრიმინაციის და სტიგმის წინააღმდეგ.

იმედს:
რომ მედიცინა სძლევს ვირუსს და დაიცავს კაცობრიობას განადგურებისაგან.


Комментариев нет:

Отправить комментарий