суббота, 7 марта 2015 г.

 ქალები და დღესასწაულები
  წინ 8 მარტია


მრავალფეროვან დედამიწაზე ქალთან დაკავშირებული უამრავი დღეა. მათ   ემანსიპაციისა და ფემინიზმის კულტურასთან  შეხება არა აქვთ. ეს ძველის-ძველი დღეები რელიგიებს, ტრადიციებს და ზოგიც ჩანასახოვან, დემოკრატიას უკავშირდება.
მაგალითად, „დედის კვირა”- მე–17 საუკუნიდან აღინიშნება ამერიკაში და ძნელად წარმოსადგენია უამრავი ყვავილისა და სუვენირის გარეშე.
„ბაზარში მოვაჭრე დედების დღე" - გვინეას კუთვნილებაა. მისი დაარსების საბაბი ფასების შესახებ ერთ–ერთი პოლიტიკური გადაწყვეტილება გახდა, რომელიც მოვაჭრე ქალებმა გააპროტესტეს.
არსებობს  „მეყვავილე ქალთა საერთაშორისო დღე’’, „ფერად ქალთა ეროვნული დღესასწაული”, „სოფლელ ქალთა საერთაშორისო დღე’’, „ბიზნესში დასაქმებულ ამერიკელ ქალთა დღე’’ და სხვა მრავალი.

დღესასწაულების უმრავლესობა პროფესიისა და გენდერის სინთეზია და მეტ-ნაკლებად გვიქმნის წარმოდგენას, რითი იყვნენ დასაქმებული ქალები მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას.რა წილი ჰქონდათ თავისი ქვეყნის ეკონომიკაში,რამდენად შეეძლოთ თვითრეალიზება და თვითგამოხატვა...
სხვადასხვა პროფესიის, ეროვნების, ფერის, ინტელექტის, რწმენის ქალბატონებს აერთიანებთ საკუთარი სქესი და ერთი საერთაშორისო დღე- 8 მარტი.
დიახ, წინ რვა მარტია. ერთად-ერთი დღე, რომელიც თითქმის მთელი მსოფლიოს ქალები აღნიშნავენ. ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მიღწევების ეს გლობალური დღე პოსტ საბჭოთა ქვეყნებში კომუნისტურ წარსულს და კლარა ცეტკინს უკავშირდება. თუმცა  სსრკ-ში 1964 წლამდე 8 მარტი,არაფერი განსაკუთრებული,- ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო.
ისტორია უფრო ღრმაა და ტრაგიკული:
1857 წლის 8 მარტს ამერიკაში მცირე ხელფასებითა და არა ადამიანური მოპყრობით აღშფოთებული ფეიქარი ქალები პირველად გამოვიდნენ ქუჩაში.
1908 წლის 8 მარტს 15.000 ქალბატონმა ნიუ-იორკში მოკლე სამუშაო დღის, უკეთესი ანაზღაურებისა და არჩევნებში ხმის მიცემის უფლება მოითხოვა.

1910 წლის 8 მარტს კოპენჰაგენში ჩატარდა პირველი ქალთა საერთაშორისო კონფერენცია სოციალისტ-ინტერნაციონალების მიერ. ამ ყრილობაზე დაფუძნდა 8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღედ გავლენიანი გერმანელი სოციალისტი ქალის კლარა ცეტკინის ინიციატივით.

1911წლის 8 მარტს  ნიუ-იორკის საფეიქრო ფაბრიკაში მომხდარმა ხანძარმა, სადაც 140 ქალზე მეტი დაიღუპა, ამ დღეს ტრაგიზმი შესძინა.
1913 წლის 8 მარტს. ,პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას, ქალებმა  მთელი ევროპის მასშტაბით სამშვიდობო მსვლელობები მოაწყვეს.
1920-იანი წლების ბოლომდე 8 მარტი  მასშტაბურად აღნიშნებოდა. მოგვიანებით, კომუნისტებთან ასოციაციის გამო მისმა პოპულარობამ იკლო. 1960-იან წლებში, ფემინიზმის აღმავლობის ჟამს, ეს დღე ისევ იძენს პოპულარობას.
ქალთა საერთაშორისო წლად გამოცხადებულ 1975-ში, გაერომ ოფიციალური სანქცია გასცა ქალთა საერთაშორისო დღის-8 მარტის სპონსორობისთვის.
მას შემდეგ, 8 მარტი მთელს მსოფლიოში აღინიშნება. ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, ის დღემდე დასვენების დღედაა გამოოცხადებული.

ამ რთული და საინტერესო დღის ისტორიაში ყველაზე უცნაურია რომ, საბჭოთა იმპერიაში მოახერხეს ძლერი ქალების მიერ დადგენილი დღესასწაულის „სუსტი სქესის“ ზეიმად ტირაჟირება. იმპერიის მართველობას არ აწყობდა, იარაღის ძალით გაერთიანებულ სხვადასხვა კულტურისა და ტრადიციის ქვეყანათა კავშირს, ჰქონოდა ყველაზე ჰუმანური გამაერთიანებელი ფაქტორი- ძლიერი ქალი. 

საბჭოთა საქართველოში რვა მარტის აღნიშვნის კულტურა ასეთი იყო: ქალი მთელი დღეები იყო სამსახურში(თუ მუშაობდა), მერე ოჯახში(საჭმელ-სასმელი, ბაზარი, რეცხვა, დალაგება, შვილები, ქმარი, მტერ-მოყვარე...) რვა მარტის წინა ღამეს ის აუცილებლად სამზარეულოში ათენებდა, მეორე დღეს სტუმრებს, „ქალის,როგორც შთაგონების წყაროს“ სადღეგრძელო რომ შეესვათ და თავად ფეხზე ძლივს მდგარს, მორჩილად და სათნო ღიმილით მოესმინა ეს სადღეგრძელო. 
იყო მეორე ვარიანტიც: ქალები წინა ღამეს სამზარეულოში ათენებდნენ, მეორე დღეს კი ქეიფობდნენ. მთელი წლის „ნამწყვდევი“(მაპატიეთ გამოთქმისთვის) ქალბატონები იმ ერთ დღეს-8 მარტს ქმრებისადა საზოგადოების ნაწყალობევი თავისუფლებით ტკბებოდნენ.თავისუფლება უმთავრესად სიმთვრალეში, უწმაწურ სიტყვებსა და „ბღლარძუნში“ გამოიხატებოდა. მინახავს 8 მარტს გამომთვრალი ბევრი ღირსეული ქალი, რომელიც ქუჩის ბიჭივით იგინებოდა. მაშინ ამას ვერ ვაცნობიერებდი, მაგრამ ახლა ვხვდები, ასეთი საქციელით ეს ქალბატონები ქვეცნობიერად უსვამდნენ ხაზს მამაკაცური საწყისის დომინანტობას და, ქალობის გამო, არასრულფასოვნების კომპლექსით იტანჯებოდნენ. ისინი ხომ „სუსტი სქესის“ წარმომადგენლები იყვნენ, მათ ხომ ასე ზრდიდნენ და შთააგონებდნენ.  წელიწადში ერთ დღეს, როცა ქალბატონებს ერთმანეთის მიმართ სოლიდარობა უნდა გამოეხატათ და უსამართლობის წინააღმდეგ აემაღლებინათ ხმა, ისინი არაფხიზელ მდგომარეობაში ატარებდნენ. საკუთარი უუფლებობის კომპენსაციად  ყვავილებსა და შოკოლადებს სჯერდებოდნენ.

8 მარტს, ქალთა უფლებების საყოველთაოდ  აღიარებულ დღეს, საბჭოთა ქალები ძალიან ცდილობდნენ კაცებს დამსგავსებოდნენ. ცდილობდნენ, ამ ერთ დღეს მაინც ყოფილიყვნენ „ძლიერი სქესი“. მეორე დილიდან ისინი საკუთარ „სუსტ სქესს“,ოქროს ბორკილებს და ყოველდღიურ რუტინას ერთდროულად და მორჩილად დაუბრუნდებოდნენ.
საქართველოში 8 მარტი დღესაც ყვავილებთან ასოცირდება, ვიდრე ქალთა უფლებებთან.
* * *

უკან 3 მარტია

მოგონილი დღესასწაულების დიდი მოყვრარული არ ვარ. ჩემთვის რამდენიმე ზოგადსაკაცობრიო დღესასწაულის გარდა, კიდევ სამი უმნიშვნელოვანესი თარიღი არსებობს: 8 ივნისი, 8 აპრილი და 16 ივლისი. ეს დღეები, ერთმანეთის და ღმერთის დახმარებით, მე და ჩემმა ქმარმა დავადგინეთ . ამ დღეებში გავხდი მე დედა.

შვილის დღე- ასეთი რამ ჯერ არ დაუწესებიათ.ჩემი შვილები დანარჩენ დღეებშიც ზუსტად ისევე მიყვარს,როგორც მათი დაბადების პირველ დღეს. განსაკუთრებული არ ვარ, ყველა დედა ასეა.
დედის დღე, როგორც ზოგადად დედის ფენომენი, მარტო ქართული კუთვნილება არ არის.თურმე, მსოფლიოში „დედის დღის“  დამაარსებელი ქალბატონი თავად არსოდეს ყოფილა დედა. ეს დასტურია, დედას მთელს სამყაროში ერთნაირი ღირებულებითი დატვირთვა აქვს. ხოლო ქართული დედამიწა, დედაბოძი ან დედასამყარო, მხოლოდ ჩვენი ენის ფერადოვნებისა და ერის კრეატიულობის ნაყოფია.
მე "უძღები შვილი" ვარ. სამი მარტი დედაჩემმა,პირიქით, აქეთ მომილოცა და ბედნიერი დედობა მისურვა.
დავფიქრდი,რა არის ბედნიერი დედობა?
პირველი და აუცილებელი- ბავშვების,ჩვენი შვილების, ჯანმრთელობა.
მეორე და ასევე აუცილებელი- ისინი იყვნენ ბედნიერნი.
მესამე, შეიძლება აუცილებელი არა,მაგრამ სასურველი-იყვნენ წარმატებული ადამიანები.
მესამე თეზა, შესაძლოა,მეორის სრულყოფისათვის, მის ერთ-ერთ ნაწილადაც ჩავთვალოთ. ეს უკვე პიროვნებას გააჩნია,ზოგი წარმატების გარეშეც ბედნიერია და ზოგმა წარმატებულმა,  ბედნიერება არც იცის რა არის.
დილით, როცა დედამ დამირეკა,გამახსენდა,მეექვსე კლასში ლექსების წერა დავიწყე.ერთმა თანამშრომელმა ურჩია დედას,მაშინდელ გაზეთ "ქუთაისის" რედაქციაში,ქალბატონ ნანული ცხვედიანთან მივეყვანე ჩემი ხელნაწერი რვეულით. ამას უფრო მიტანა ჰქვია-ფეხები უკან მრჩებოდა,მაგრამ წავედით.ქალბატონმა ნანულიმ ნახა ჩემგან „ნაწამები სიტყვები“ და მითხრა,როცა ლექსს წერ, აი,ასეთი შედარებები უნდა მოგდიოდესო: „როგორც საძროხე ქვაბს ოხშივარი,ქართლის ხეობებს ასდით ნისლები"...
ეს საკმარისი იყო.ნანული მასწავლებლის ყოველთვის მადლობელი ვიქნები.მას შემდეგ,ვიდრე სიტყვაზე მუშაობა არ ვისწავლე,ლექსის საწერად კალამი აღარ ამიღია. სიტყვაზე მუშაობა კი ჯერ ადამიანის შიგნით ხდება და შემდეგ ქაღალდზე...
დედა, მას შემდეგ არასოდეს გიკითხავს,ლექსებს რატომ აღარ წერო და ერთი ნათესავის რეპლიკაზე: მე რომ ასეთი შვილი მყავდეს,ქვეყანას შემოვატარებდიო,მხოლოდ გაიღიმე...
მადლობა,რომ ქვეყანა არ შემომატარე და უფლება მომეცი ვყოფილიყავი ისეთი,როგორიც მე თავად მინდოდა, ვყოფილიყავი...თუმცა ამას ჩვენთანაც,ისევე როგორც სხვა ბევრ ქართულ ოჯახში, მამა წყვეტდა. შენ თავისუფლების იმ დოზას გვიზოგავდი,რასაც მამა საშენოდ გასცემდა.
ახლა მე შენ „დედის დღეს“ გილოცავ და გეუბნები, მაპატიე,რომ გამოვედი ისეთი,როგორიც მე მინდოდა...
თუ ჩემი რომელიმე შვილი ათი-თხუთმეტი წლის შემდეგ, „დედის დღეს“ იგივე სიტყვებით მომილოცავს, მაშინ თამამად ვიტყვი, რომ ბედნიერი დედა ვარ!



Комментариев нет:

Отправить комментарий