вторник, 10 марта 2015 г.




სამუშაოდ ვიწვევთ დამსვენებლებს



„-იცით,ჩვენ წარმატებულ და შედეგზე ორიენტირებულ დამსვენებელს ვეძებთ!“- მითხრა და გადაიხარხარა მეტი ექსპრესიისთვის.
...ამ დროს გამეღვიძა.
გამეღვიძა,მაგრამ ამბავი,რომელიც სიზმარი მეგონა, რეალობაში მეტი სიმძაფრით გაგრძელდა.
უმუშევრობა -საქართველოს ბოლო ოცწლეულის ყველაზე მოუგვარებელი და მტკივნეული პრობლემაა.მთავრობებს ავიწყდებათ,რომ სწორედ დასაქმებულთა რაოდენობაა, ქვეყნის ეკომომიკური წარმატების ინდიკატორი.იმატა უმუშევრობით  უკმაყოფილო ადამიანების რაოდენობამ,იკლო-სავსე მაცივრებმა. ეს ყველაფერი ერთმანეთთან,უფრო მეტად კი, ადამიანების მომავალთან არის კავშირში.
ორი წლის წინ,გადავწყვიტე,მუშაობა დამეწყო,არაფერი გამომივიდა და „დარდიან გულზე“ მესამე ბავშვი გავაჩინე. ქვეყანა ჩემისთანა დედებზე,მართალია,არ ფიქრობს,მაგრამ მე ვიფიქრე ქვეყნის დემოგრაფიაზე...
ახლა უკვე ჩემი შესაძლებლობების რეალიზებასა და  ჩემი შვილების დღევანდელობაზე ფიქრის დროა...
...და ისევ ,და არაერთხელ გადავაგზავნე ჩემი რეზიუმე სხვადასხვა საჯარო თუ კერძო დაწესებულებებაში. ზოგიერთი ვაკანსიის მოთხოვნები ჩემი შესაძლებლობების და გამოცდილების  იმდენად იდენტური იყო,დარწმუნებული ვიყავი, გასაუბრებაზე მაინც დამიძახებდნენ. ზოგან კი მხოლოდ ინგლისურის არცოდნა გახლდათ ჩემი „შეუწყნარებელი ცოდვა“. თუმცა,მე ამ კუთხით ჩემი აზრი მაქვს.ენის ცოდნა კარგია,მაგრამ საჯარო სამსახურში, სადაც საქმისწარმოება და ყველანაირი კომუნიკაცია(ცალკეული გამონაკლისების გარა) სახელმწიფო ენაზე -ქართულად მიმდინარეობს,ინგლისური სასიცოცხლოდ აუცილებელი არ არის. 
კერძო ქართულ კომპანიებზე აღრაფერს ვამბობ. მათი HR-მენეჯმენტი ინგლისურ ენაზე „გაშანშალებულ“ ტექსტს დებს დასაქმების საიტებზე. შეგახსენებთ, საქართველოში ვცხოვრობთ და პერსონა,რომელსაც თქვენს ვაკანსიაზე დასაქმება, შეიძლება, სურდეს,დიდი ალბათობით, ქართველი იქნება...
ვართ ისეთებიც,ვინც ენა არ ვიცით,სამაგიეროდ ვაზროვნებთ.
ბევრნი არიან,ვინც ენა იცის,მაგრამ აზროვნებენ მხოლოდ სწორხაზოვნად.
უფრო მეტნი არიან, ვინც არც ენა იცის და აზროვნებაში მოიკოჭლებს,მაგრამ წარმატებულად დასაქმდნენ.
მოკლედ, რეზიუმეების გაგზავნით მუშაობა ვერ დავიწყე,მაგრამ გამოცდილება შევიძინე.მაგალითად,cv-ის და სამოტივაციო წერილის წერის გამოცდილება. ელექტრონული ტესტირების წარმატებით გავლის გამოცდილება,გასაუბრებაზე თავისუფლად საუბრის გამოცდილება და შემდეგ, ფოსტაზე დაგროვილი უარყოფითი პასუხების გამოცდილება. გამოცდილება,რომ კერძო ქართულ კომპანიებში, თითქმის არ არის შანსი, ქუჩიდან მისული ადამიანი დაასაქმონ,თუ გასაუბრებას ვინმე უცხოელი არ ესწრება. ხოლო საჯარო სამსახურში გასაუბრებაზე აუცილებლად დაგიბარებენ "ფონის" შესაქმნელად. გამოცდილებით გეტყვით,„ფონობა“ ძალიან დამამცირებელია  ნებისმიერი ადამიანისთვის. პრეტენდენტებთან გასაუბრებისას ხვდები, რომ მხოლოდ შემთხვევითობის პრინციპით აგირჩიეს და საკონკურსო-საადესტაციო კომისიასთან შესვლამდე იცი,ფოსტაზე აუცილებლად უარყოფით წერილს მიიღებ.შესაძლოა, უნებურად ყური მოკრა სიტყვებს:" ჩვენი  არ მოსულა? ააა,ეგ ხო ორის ნახევარზე დავიბარეთ"

ამ არასტაბილურ ქვეყანაში მეტ-ნაკლებად სტაბილური ისევ საჯარო სამსახურია. ამიტომაც იყო ჩემი მიზანი საჯარო სამსახურში დასაქმება. ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, შემიძლია ვთქვა, მეტ-ნაკლებად, დეტალურად ვიცნობ ყველა განცხადებას,რომელიც საზოგადოებასთან ურთიერთობას ან საქმისწარმოებას შეეხებოდა. წლებია ვაკვირდები ამ სფეროში მომხდარ ცვლილებებს და თქვენც მინდა გაგიზიაროთ.

  • დასაქმების სტილი

დღეს ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“ საჯარო სამსახურში ნეპოტიზმისთვის კრიმინალის კვალიფიკაციის მინიჭების იდეით გამოვიდა. საინტერესო წინადადებაა, თუმცა დაგვიანებული. დაახლოებით, ექვსი-შვიდი წლის წინ რომ მომხდარიყო მსგავსი იდეის ქცევა კანონად, დღეს რეალური შედეგი გვექნებოდა.  დასაქმების სტილი საჯარო სამსახურში, ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, არ შეცვლილა. ის ისევ ისეთი-ნაცნობ-მეგობრულ-ნათესაურია. წინა ხელისუფლების ახლო ნათესავები და მეგობრები ახალი ხელისუფლების ახლო ნათესავებმა და მეგობრებმა ჩაანაცვლეს. უბრალოდ, ივანიშვილის ორი წლის წინანდელმა განცხადებამ,რომ ამაში უცნაური არაფერია, ნეპოტიზმს ღიად დეკლარირებული სახე მისცა.
„ნეპოტიზმი“ იქნება, ვიდრე საჯარო მოხელე არ მიხვდება, რომ იგი ქვეყანას ემსახურება და არა საკუთარ კეთილდრეობას.
როგორც ჩემი წყარო, რომელიც თავად გარკვეული რანგის საჯარო მოხელეა, მიამბობს: „ყველა გამოცხადებული ვაკანსია და კონკურსი, არის „ტუფტა“. გამოცხადდება კონკურსი, ამასობაში კი იმავე პოზიციაზე ინიშნება მოვალეობის შემსრულებელი ანუ უკვე შერჩეული კანდიდატურა. ამას კანონი არ კრძალავს. ვაკანსიაზე, განაცხადს, რა თქმა უნდა, პოზიციაზე უკვე დასაქმებული ტიპიც აგზავნის. გასაუბრებაზე, ის „საუკეთესოა“ და დანიშვნითაც სწორედ ის ინიშნება. მეორეს მხრივ, თუ გასაუბრების დროს, ან განაცხადების მიღების პროცესში, რამე გაუთვალისწინებელი მოხდა,კონკურსი ცხადდება ჩაშლილად, ტიპი კი ჩვეულებრივად აგრძელებს მოვალეობის შემსრულებლად მუშაობას, ვიდრე ამის შესაძლებლობას გარემო პირობები არ შეუშლის ხელს ან მომავალი კონკრსის გამოცხადებამდე“
სავალდებულო წინააღმდეგობებიც საკმაოდ შემცირდა. ფაქტობრივად ამოვარდა ტესტირება და იგი ძალიან ცოტა შემთხვევაში ტარდება. ლოგიკურად ეს იმის ნიშანია,რომ დასანიშნ კანდიდატს ძალიან გაუჭირდება ტესტირების ეტაპის გადალახვა. გასაუბრება დასაქმებისკენ მიმავალი ყველაზე მარტივი გზაა,მითუფრო,თუ კომისია უკვე კანდიდატის მიმართ კეთილგანწყობილია .

  • სავალდებულო მოთხოვნები

ახალი სტანდარტით,დაბალი რანგის „ჩინოვნიკს“ მეტი მოეთხოვება,ვიდრე მის ზემდგომს.
ამ წლების მანძილზე შეიცვალა არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ ვაკანსიების მოთხოვნების სტილიც. საჯარო სამსახურში სავალდებულო მოთხოვნები სპეციალისტებისთვის განსაკუთრებით დეტალური და ამომწურავია, ვიდრე,  სამსახურის ან განყოფილების უფროსისთვის.
სპეციალისტს მოეთხოვება კანონმდებლობა: კონსტიტუციით დაწყებული საერთაშორისო კონვენციებით დამთავრებული, მის ზემდგომს კი- არა .
რაც  შეეხება ენას,სპეციალისტის შემთხვევაში, ქართულის გარდა,რუსულ და ინგლისურ ენებსაც მოითხოვენ. ან მიუთითებენ, რომ უცხო ენა სასურველია; ან ხაზგასმით წერია, რომ კანდიდატმა ინგლისური ძალიან კარგად უნდა იცოდეს.
ზემდგომის სავალდებულო მოთხოვნებში ინგლისური მითითებულია, მაგრამ ხშირ შემთხვევ მან ის არ იცის,ან იცის საბაზისო დონეზე. მეორე უცნაურობა,ენასთან დაკავშირებით ისაა, რომ, რატომღაც,ზოგან ხაზგასმით ითხოვენ რუსულს.

  • მუშაობის სტილი

ერთ-ერთ გასაუბრებაზე ხუმრობით თქმულმა ჩემმა ფრაზამ, ამ ვაკანსიაზე დასაქმებულს ყავის სმის დრო ნამდვილად არ ექნება- მეთქი,კომისიის ცხრა წევრიდან რვას ლეპტოპიდან ააწევინა თავი.ერთს ისედაც აწეული ჰქონდა და მოვალეობის მოხდის მიზნით, კითხვებს მისვავდა. 
მაშინ მეც გავოცდი, ასეთი რა ვთქვი-მეთქი.ჩემმა მეორე წყარომ.რომელიც ასევე საჯარო მოხელეა თავისი ნაამბობით ამიხსნა, რაც ხდება:„ჩვენი ზემდგომები მთელი დღეები ინტერნეტში ერთობიან.ზოგი myvideos უყურებს საათების განმავლობაში. ზოგიც შუაღამემდე არ მიდის სახლში და მძოლსაც იძულებულს ხდის, დაელოდოს. სახლში იმიტომ კი არ აგვიანებს, რომ სამსახურში საქმე აქვს თავზე საყრელად(თუმცა საქმე მართლა თავზესაყრელია)-არა, ბავშვები ჰყავს და მათი ხმაურის მოსმენა არ შეუძლია, სამსახურში ისვენებს .“
ერთ-ერთი გასაუბრების დროს, თავად შევესწარი, როგორ იდგა რამდენიმე მამაკაცი ფოიეში და ვიღაცას უწმაწური სიტყვებით აგინებდნენ. როცა „გუნდი“ დაიშალა და კაბინეტებში შევიდნენ,სამთავეს კაბინეტის კარზე სამსახურის უფროსის მოადგილე ეწერა, ოღონდ სხვადასხვა მიმართულების. 



„შენ ის თქვი, ოფიციალური წერილის დწერაც რომ არ შეუძლიათ, თორემ ყავა? ყავის დალევა,- რამდენიც გინდა“-ასრულებს ჩემი ინკოგნიტო წყარო საუბარს(მან ბევრი სხვა რამეც მიამბო, მაგრამ ამ ბლოგის ფორმატში არ ჯდება)

ასე რომ, გავითვალისწინოთ,ვისაც მუშაობა გვნდა. ჩვენ კი გვსურს მუშაობა,მაგრამ მათ „დამსვენებლები“ სჭირდებათ,
დ ა მ ს ვ ე ნ ე ბ ლ ე ბ ი.

P.S. საბედნიეროდ, პირადად ვიცნობ რამდენიმე პატიოსან და ინტელექტუალურ საჯარო მოხელეს. მათ ეს ბლოგი არ ეხებათ. სამწუხაროდ, ასეთები ძალიან, ძალიან ცოტანი არიან!

Комментариев нет:

Отправить комментарий